გერმანიაში დასასაქმეებლად წასული საქართველოს მოქალაქეები ყურადღებას ითხოვენ. მათი განცხადებით, შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს.
დასაქმებულები ფორმულანიუსთან ყვებიან, რომ მათი ხელფასი სამჯერ ნაკლებია, კვება პრობლემაა, საცხოვრებელი პირობები კი არასათანადოა.
"არ ხდება ისე, როგორც კონტრაქტში გვეწერა. რასაც ველოდი, 100%-დან 2%-ია. პირადად, მოტყუებული ვარ. კონტრაქტით გვპირდებოდნენ 9,5 ევროს საათში და კვირაში 6 სამუშაო დღე. აქ ჩამოსვლისას, დაგვხვდა რეალობა, რომ გვაძლევენ 3 ევროს საათში. თან გვამუშავებდა 4 საათს, დილის 6 საათზე გავდიოდით", - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.
100 ათასამდე მსურველის მიუხედავად, ამ დრომდე გერმანიაში მხოლოდ 54 ადამიანია ჩასული სამუშაოდ. ბოლო ჯგუფი საქართველოდან 9 მაისს წავიდა.
"პასუხი უნდა მოეთხოვოს მკაცრად იმ დასაქმების სააგენტოს, ვინც კონტრაქტი გააფორმა. წერია რეალურად სხვა ხელფასი და იდეაში, როდესაც ჩადიხარ და დგახარ მწარე რეალობის წინაშე, გაქვს 2 ევრო საათში ან 2,50 ევრო საათში, აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი", - ამბობს საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სიმონიშვილი.
გერმანიაში დასაქმებულებმა დახმარებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და გერმანიაში საკონსულს, ჩასვლისთანავე მიმართეს, თუმცა 10 დღეა რეაგირება არ მომხდარა.