გერმანიაში ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. მთავრობას ოლაფ შოლცი ჩაუდგება სათავეში.
არჩევნებში გამარჯვებიდან ორ თვე-ნახევრის თავზე სოციალ-დემოკრატიული პარტია მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების კოალიციით ერთობლივ მთავრობას ჩამოაყალიბებს. მათი ხედვის ერთ-ერთი მთავარი აპსექტი გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებებია.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, ალბათ, დეკემბერში გახდება ცნობილი, თუმცა უდავოა, რომ კანცლერი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ოლაფ შოლცი გახდება. მწვანეების ანელენ ბერბოკი საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ქრისტიან ლინდრენი ფინანსთა მინისტრი იქნება.
ანგელა მერკელმა, რომელიც გერმანიის მთავრობას 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ მონაწილეობის მიღება არ სურს და ხელისუფლებას ჩამოშორდება. მისმა პარტიამ - ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა და ოპოზიციაში გადადის. ამით სრულდება მრავაწლიანი ეპოქა, როცა სოციალ-დემოკრატები და ქრისტიან-დემოკრატები ერთმანეთის ჩანაცვლებით ან კოალიციაში ერთმანეთთან შესვლით მართავდნენ გერმანიას.