გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. დაკარგულია ასობით ადამიანი.
დასავლეთ ევროპაში რეკორდულად უხვი ნალექის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. ძლიერ წვიმას მომდევნო დღეებშიც ელოდებიან.
ყველაზე მეტად გერმანიაში რაინლანდ-პფალცისა და ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მიწები დაზარალდა. ხელისუფლების განცხადებით, არვაილის რაიონში ასობით ადამიანი დაიკარგა. გათიშულია სატელეფონო ხაზები. სოფელი შულდი კი, სადაც 700 ადამიანი ცხოვრობს, ფაქტობრივად, დანგრეულია.
სტიქიის ადგილზე მობილიზებულია 15 ათასამდე პოლიციელი და მაშველი. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად სიტყვით გამოსვლისას მან მწუხარება გამოთქვა.
წყალდიდობას ებრძვიან ბელგიაშიც, სადაც სულ მცირე 11 ადამიანი გარდაიცვალა. პოლიტიკური ლიდერები სტიქიის გამომწვევ მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ.
ბრიუსელისა და ანტვერპენის შემდეგ სიდიდით მესამე ქალაქ ლიეჟეში, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ვინც გასვლას ვერ ახერხებს, შენობის მაღალ სართულზე უნდა ავიდეს.
წყალდიდობაა ნიდერლანდებში, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. მდინარე მაასის მიმდებარედ არსებული ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს.