გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გერმანიის მიერ კიევისთვის გადაცემული Leopard 2-ის ტიპის ტანკები უკრაინაში მარტის ბოლოს ჩავა.
“შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერისთვის: თავდაცვის მინისტრი პისტორიუსი დღეს უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კოლეგა ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. გერმანიისგან Leopard 2A6 ძირითადი საბრძოლო ტანკები მარტის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი”, - წერია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
Nächste konkrete Schritte für unsere Unterstützung: Verteidigungsminister Pistorius sprach heute in der #Ukraine u.a. mit Präsident @ZelenskyyUa und seinem Amtskollegen @oleksiireznikov. Ende März stehen die #Kampfpanzer #Leopard 2 A6 aus zur Verfügung. pic.twitter.com/mAbgiza4Sp
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანელ კოლეგასთან "ბევრი დადებითი სიახლე" განიხილეს.
"გვქონდა ნაყოფიერი საუბარი. რამშტეინის ფორმატში შეხვედრის შემდეგ, ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა. მალე იქნება კიდევ ერთი შეხვედრა, იმავე ფორმატში, თუმცა ბრიუსელში. იქნება ბევრი დადებითი სიახლე. განვიხილეთ არა მხოლოდ ის პირობები, რომლებიც ჩვენი ცის დასაცავადაა საჭირო, არამედ პირობები თანამშრომლობისთვის და მომავლისთვისაც, გამარჯვების შემდეგ", - თქვა რეზნიკოვმა.
გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინა სამხედრო დახმარების ფარგლებში ტანკების, კერძოდ, Leopard 2-ის გადაცემას ითხოვდა. როგორც უკრაინული მხარე ამბობდა, ევროპის ქვეყნები ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა საჭიროა მწარმოებელი ქვეყნის, გერმანიის თანხმობა. გერმანიის ოფიციალური პირები კი აღნიშნავდნენ, რომ ბერლინი არაა წინააღმდეგი, თუმცა ზოგიერთი პარტნიორისგან თანხმობა სჭირდებოდა.
იმას, თუ რატომ ითხოვს უკრაინა Leopard 2-ის ტანკებს, რამდენიმე მიზეზი აქვს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროპაში გერმანული წარმოებული ეს ტანკი ბევრია - დაახლოებით, 3000 სხვადასხვა ქვეყანაში. ამავე დროს, აღნიშნული ტანკი მარტივია ექსპლუატაციისთვის. Leopard-ის 13 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებშია, რაც ნიშნავს, რომ ევროპაში საკმარისი სათადარიგო ნაწილი და საბრძოლო მასალაა. გარდა ამისა, Leopard ცივი ომის დროს საბჭოთა T-90-ის კონკურენტად შეიქმნა, ეს უკანასკნელი კი კვლავ მრავლად არის რუსული არმიაში.