გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საშობაო მიმართვაში უკრაინას სამართლიანი მშვიდობა უსურვა.
"სანამ მშვიდობა არ დადგება, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი მათ, ვინც თავდასხმის, მუქარისა და ჩაგვრის ქვეშ იმყოფება. რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, ომის დაბრუნება ევროპაში, უკრაინელების საშინელი ტანჯვა, ასევე საომარი მოქმედებების ესკალაციის შიში - ეს ყველაფერი ბევრ ადამიანს აშინებს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
შტაინმაიერი ამბობს, რომ წელს გერმანელების ყველაზე დიდი სურვილია მშვიდობა კვლავ დადგეს. მისი თქმით, ეს სჭირდება უკრაინელებს, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა.
გუშინ, ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა საშობაო მილოცვაში ხალხს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა კი დღეს საშობაო ვიდეო გამოაქვეყნა უკრაინის მხარდასაჭერად.