logo
ENG



გვანცა წულუკიძე: პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლოში კლანისგან განსხვავებული აზრი ისმის

05 ნოე 202113:21
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: რადიო თავისუფლება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი, გვანცა წულუკიძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებისგან მოსამართლეთა ნაწილის გამიჯვნა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ პატივისცემის დაფიქსირება, მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

წულუკიძე ამბობს, რომ ბოლო წლებში დონორებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს სასამართლოს რეფორმისთვის ათობით მილიონი დოლარი დახარჯეს. ადმინისტრაციული კომიტეტის სამარცხვინო განცხადება კი, მისი შეფასებით, ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთითაც სასამართლოს გაჯანსაღებისკენ მიმართული ეს აქტივობები წყალში ჩაიყრება.

GDI-ის წარმომადგენელი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა არაერთი მოსამართლე საჯაროდ გამოთქვამს სასამართლოსგან განსხვავებულ პოზიციას. ეს ფაქტი, შესაძლოა იყოს პოზიტიური ცვლილებების საწყისი სასამართლოს სისტემაში.

„სიმართლე გითხრათ, უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში, შეიძლება უფრო მეტისაც, ესაა ფაქტობრივად პირველი შემთხვევა, როცა სასამართლოდან გვესმის განსხვავებული აზრი და ეს არაა მხოლოდ ერთი მოსამართლე, ვთქვათ ქეთი მესხიშვილი, არამედ ქეთი მესხიშვილთან ერთად გამოჩნდნენ სხვა მოსამართლეებიც, რომლებმაც ასე პირდაპირ დააფიქსირეს საკუთარი პროტესტი და კლანისაგან განსხვავებული აზრი. მნიშვნელოვანია, ცხადია, და ეს არის ძალიან კარგი პროცესების დაწყების მანიშნებელი სასამართლოში. სასამართლო არ არის ერთიანი და ისეთი ერთ ხმაში მოლაპარაკე, როგორიც ის აქამდე გვახსოვს”, - განაცხადა გვანცა წულუკიძემ.

წულუკიძის თქმით, ამ ეტაპზე, ამ ერთ ფაქტზე დაყრდნობით რთულია ვისაუბროთ გარდამტეხ ცვლილებებზე, თუმცა ეს დასტურია, რომ სასამართლოში ჯერ კიდევ არიან ღირსეული მოსამართლეები. მისი აზრით, ახლა მნიშვნელოვანია, ამ მოსამართლეებმა საზოგადოებისგან მხარდაჭერა და თანადგომა დაინახონ, რათა სხვა, ასევე კრიტიკულად განწყობილ მოსამართლეებსაც მიეცეთ აზრის საჯაროდ დაფიქსირების ბიძგი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სულ 12 მოსამართლეა, ვინც საჯაროდ გაავრცელა კრიტიკული განცხადება და მოსალოდნელია, რომ კლანის წინააღმდეგ წასვლის გამო, მათ მიმართ განხორციელდება გარკვეული ტიპის ზეწოლა.

„ზემოქმედების გზები ბევრი აქვს კლანს, როგორც დისციპლინური სამართალწარმოებით მოსამართლეების მიმართ, ასევე პირად ურთიერთობებში გარკვეული პრობლემებისა და ზეწოლისა შექმნის მცდელობები.“ - განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელმა, გვანცა წულუკიძემ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკას "გადაჭარბებულს" უწოდებს და საელჩოებს "ვენის კონვენციის პატივისცემისკენ" მიუთითებს.


close დახურვა