წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა ამბობს, რომ წელს, 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ პირველად, კულტურის სამინისტრო წიგნის ფესტივალის მხარდამჭერი აღარ არის.
როგორც ის ამბობს, დარწმუნებულია, რომ ეს მინისტრ თეა წულუკიანის პერსონალური გადაწყვეტილებაა.
"არა იმიტომ, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ვერ გავიმარჯვეთ, არამედ იმიტომ რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით ლიტერატურა ფესტივალებს საერთოდ არ საჭიროებს. გაგიკვირდებათ და სფერო, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე, ფრანკფურტის ფესტივალზე ყველაზე წარმატებული მონაწილეობით ლამის მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, არ აღმოჩნდა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ფესტივალების კონკურსის ჩამონათვალში. იქ იყო ყველაფერი: კინო, მუსიკა, ბალეტი, ოპერა და სხვა, მაგრამ არა ლიტერატურა. ჰოი, საოცრებავ!
შესაბამისად, განმარტებაც არ აღმოჩნდა საჭირო, რატომ და რისთვის ჰკრა წიხლი კულტურის სამინისტრომ ამდენწლიანი თანამშრომლობის შემდეგ მთელი ქალაქისთვის საყვარელ ფესტივალს". - წერს ფეისბუქზე გვანცა ჯობავა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, 23-წლიანი ისტორიის შემდეგ, შესაძლოა წიგნის ფესტივალი ვერ ჩატარებულიყო და მიზანიც სწორედ ეს იყო.
"დავეტოვებინეთ იმ ფესტივალის გარეშე, რომელიც ყველასია, სადაც ყველას ხმა ისმის, განურჩევლად ასაკისა, გემოვნებისა, მრწამსისა, საერთოდ ყველაფრის განურჩევლად, ამიტომ იშვიათად იპოვით მწერალს, ლიტერატორს, გამომცემელს, რომელიც ერთხელ მაინც არ ასულა ჩვენი ფესტივალის სცენაზე, ერთხელ მაინც არ მოსულა ჩვენთან და ძალიან დიდი სიყვარული არ მიუღია.
მაგრამ არა, ამ ამბავს არ აქვს ცუდი დასასრული, იმიტომ რომ ჩვენს გუნდში მუშაობენ თავისი საქმის პროფესიონალები და ჯადოქრებიც, რომელთაც სასწაულების მოხდენა შეუძლიათ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი გვყავს (და მზად ვართ უფრო მეტი დავიმეგობროთ), ამიტომ არათუ გადავრჩით, არამე უკვე მეორე დღეა ჩვენს მკითხველს წლის ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენას და უდიდეს დღესასწაულს ვჩუქნით!
აქვე ვიტყვი, რომ გარდა წიგნის ფესტივალისა, ლიტერატურული პრემია „ლიტერასი“, ნგრევა და მე დღეს არსებულ სიტუაციას სხვას ვერაფერს დავარქმევ გარდა ნგრევისა, დაიწყო უფრო ადრეც, როდესაც ასევე ათწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კულტურის სამინისტრომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი გვითხრა იმ ერთადერთ პროექტზეც, რომელიც წელიწადში ერთხელ საქართველოს 65 მთავარ ბიბლიოთეკას დაახლოებით 900-900 ლარის ღირებულების სრულიად ახალი წიგნებით ამარაგებდა.
აგერ უკვე მეორე წელია, ბიბლიოთეკარები ამაოდ ელიან, რომ ისევ დავუძახებთ და ისევ გადავცემთ ვაუჩერებს ახალი წიგნების შესაძენად. სამწუხაროდ, არა, იმიტომ რომ კულტურის სამინისტროს ბიბლიოთეკების ბედი აღარ აინტერესებს, იმიტომ რომ მთავარია პირადი ინტერესები, მთავარია ვინ ჩვენიანია და ვინ სხვისიანი ან არავისიანი, შესაბამისად არასაჭირო. დიახ, ჩვენ შევძელით და ამ გასაჭირმა გაგვაძლიერა, მაგრამ რა სამარცხვინოა ასე ხელაღებით ანგრევდე ყველაფერ ფასეულს, რაც ქართულ კულტურაში სამი ათეული წელია, უამრავი გაჭირვების, დაბრკოლებების მიუხედავად, ასე რუდუნებით იქმნებოდა. რა სამარცხვინოა, ებრძოდე თავისი საქმის პროფესიონალებს, ებრძოდე ყველაზე არასამართლიანი მეთოდებით. რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!". - წერს გვანცა ჯობავა.