logo
ENG



გვარამია: პრეზიდენტის ინიციატივა დროულია, კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა

07 ოქტ 202415:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/07/5a1h9vmpljf449r.jpg

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებს შორის ქართული ქარტიით გათვალისწინებული დროებით მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატის შერჩევაზე კონსულტაცია დასრულდა.

ორბელიანების სასახლეში შეხვედრის შემდეგ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა.

"ჩემი აზრით, მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული, სწორი და ძალიან რაციონალური. სახელები და გვარები და კულუარული განხილვების პროცესი ეს არ არის, ეს არის პროცესი, როგორ შევჯერდეთ სწორ ფორმულაზე, რომ საზოგადოებაში იყოს სტაბილურობის განცდა და იმის განცდა, რომ დიახ, ჩვენ, პროდასავლური ოპოზიცია ვთანხმდებით ქვეყნის ანტიევროპული კრიზისიდან გამოყვანაზე.

ამომრჩეველს სჭირდება სტაბილურობის განცდა, სჭირდება ჩვენი ერთიანობის დანახვა, ყველას აქვს თავისი პარტიული არევანი, მაგრამ ყველანი ერთად უნდა ვამბობდეთ იმას, რაც არის ჩემი აზრით ყველაზე სწორი - ჩვენ მზად ვართ ურთიერთკამათის, ურთიერთდაპირისპირების გარეშე ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ კრიზისიდან, რომელშიც დღეს იმყოფება.

პრეზიდენტის როლი შეუფასებელია ამ თვალსაზრისით და ძალიან დიდი მადლობა მას, რომ ასეთი რამ აიღო საკუთარ თავზე. კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა", - თქვა ნიკა გვარამიამ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეიდან ქართული ქარტიით გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატის შესარჩევად პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო.

ქართული ქარტია, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმად, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.

ქარტიაში საუბარია "ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.

რომელმა პარტიებმა მოაწერეს პრეზიდენტის ქართულ ქარტიას ხელი - სია


close დახურვა