logo
ENG



გვარამია: სააკაშვილის ბრძოლის ინსტრუმენტი - შიმშილობა უნდა გადაიხედოს, ჩანაცვლდეს

11 ნოე 202116:05
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: გიორგი ნებიერიძე/ფორმულა

ადვოკატები გლდანის მე-18 ციხის აავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან. 

შესვლამდე ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი - შიმშილობა უნდა გადაიხედოს და დაიწყოს მუშაობა მის ჩანაცვლებაზე. 

ექსპრეზიდენტთან შეხვედრაზე ადვოკატები სწორედ ამაზე ილაპარაკებენ. 

გვარამიას შეფასებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კადრები, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გლდანის საავადმყოფოში იძულებით შეყვანაა აღბეჭდილი, მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს და ამის შემდეგ ქვეყნის განადგურებასაც.

ამიტომ, ახლა ექსპრეზიდენტმა, "როგორც ამ ქვეყნის დამფუძნებელმა, კიდევ ერთხელ უნდა დააფუძნოს სახელმწიფო და გადაარჩინოს რუსეთის დაპყრობისგან". 

"ახლა ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ სტრასბურგის მოწოდების შემდეგ, ჩვენ უკვე ვიხილავთ ვარიანტებს, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ღირსეულად და ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ამიტომ არის ეს კადრები გამოქვეყნებული. იმიტომ, რომ ეს ხელისუფლებისთვის არის უმძიმესად წამგებიანი კადრები. ისინი მიზნად ისახავს არა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, არამედ მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყნის განადგურებას და დასრულებას და რომ ერთ მშვენიერ დილას ყველამ გავიღვიძოთ რუსული ტანკებით სავსე თბილისში. 

ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ამ ქვეყნის დამფუძნებელმა, კიდევ ერთხელ უდნა დააფუძნოს ეს სახელმწიფო და გადაარჩინოს რუსეთის დაპყრობისგან

შიმშილობა იყო ინსტრუმენტი. როცა ბრძოლის ეს ფორმა მუშაობს, მუშაობს. მაგრამ როცა ამ ფორმამ შეიძლება იმუშაოს მის წინააღმდეგ, უნდა დავიწყოთ ამ ინსტრუმენტის გადახედვაზე, მის ჩანაცვლებაზე". - თქვა ნიკა გვარამიამ. 

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა, დაპატიმრებულია და შიმშილობს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 


close დახურვა