logo
ENG



გვარამია: შეკითხვაზე, მიზნების მისაღწევად ვის დაველაპარაკები, გპასუხობთ - ყველას

15 იან 202417:25
3 წუთის საკითხავი
 
გვარამია: შეკითხვაზე, მიზნების მისაღწევად ვის დაველაპარაკები, გპასუხობთ - ყველას

ნიკა გვარამია შესაძლო პოლიტიკურ პარტნიორობაზე ამბობს, რომ თავისი მიზნების მისაღწევად "ყველას" დაელაპარაკება. მისი თქმით, მას აინტერესებს ცვლილებები და სიახლეები, შესაბამისად, მომხრეა ისეთი გაერთიანების, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

""5%-იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე, მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის დაყენების პრობლემა ექნება.

მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები. თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება.. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ არ იყოს შურისძიება. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო.

შეკითხვაზე "ამ მიზნების მისაღწევად ვის ველაპარაკები ან დაველაპარაკები", გპასუხობთ: ყველას", - წერს ის.

ამ საკითხზე ნიკა გვარამიამ 30 დეკემბერს კვირის ფორმულას ეთერშიც ისაუბრა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან პოლიტიკური პარტნიორობის საკითხი განიხილება.

ამასთან, როგორც დღეს ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან კონსულტაციები ჰქონდა. ნიკა მელიას გუნდის წევრი, ბაჩო დოლიძე ადასტურებს, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც ხატია დეკანოიძესთან, ასევე ნიკა გვარამიასთანაც.

თუმცა მელიას გუნდის წევრები არ ადასტურებენ იმას, რომ მათ საუბარი აქვთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ისინი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციები მხოლოდ კონკრეტულ პირებთან მიმდინარეობს. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას არ განიხილავენ.


close დახურვა