ნიკა გვარამია მთავარ არხში გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს და თავის წილებს თმობს. ცვლილებების დასარეგისტრირებლად პარტნიორთა კრების ოქმი საჯარო რეესტრში 27 თებერვალს შევიდა.
ოქმის მიხედვით, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი გაბუნია წარადგინეს. გარდა ამისა, გვარამიამ კრებას მიმართა, რომ თავის 12%-იან წილს ცოლს, სოფო ლილუაშვილს გადასცემდა.
"მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, ცხადია). დირექტორის მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდა გიორგი გაბუნია და ის უკვე ოფიციალურად დაინიშნა არხის დირექტორად. ძალიან დიდი მადლობა არხის ყველა დამფუძნებელს ერთსულოვანი გადაწყვეტილებისთვის. რაც შეეხება ჩემს 12%იან წილს მთავარში, იგი არაა თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ. ამიტომაც კანონის მოთხოვნა დავიცავი და წილი ჩემს სოფოს გადავუფორმე", - დაწერა გვარამიამ ფეისბუქზე.
ამასთან, მთავარ არხს ორი ახალი დირექტორი ეყოლება - გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია. ისინი ყველაზე დიდი წილის მფლობელმა BGIM LTD-მ და ბაკურ ჯახაიამ წარადგინეს.
კომპანიის ორმა მეწილემ, მაგული ხარებავამ და ნათია ჯოგიაშვილმა, რომლებიც 0.2-0.2%-ს ფლობენ, თავიანთ წილს BGIM LTD-ს გადასცემენ.
გასული წლის ივნისში პრეზიდენტის შეწყალებისა და საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ ნიკა გვარამია მთავარ არხში ხელმძღვანელ თანამდებობაზე აღარ დაბრუნდა. მან ახალ პოლიტიკურ მოძრაობაზე მუშაობა დაიწყო.