logo
ENG



გვარამიას ნომრის გასაჯაროვების კრიტიკის შემდეგ ჰარცელი წულუკიანს შეხვდა

04 თებ 202114:20
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პარლამენტში თეა წულუკიანთან შესახვედრად მივიდა მას შემდეგ, რაც მან გვარამიას ტელეფონის ნომერზე დეპუტატის განცხადება გააკრიტიკა და "არაეთიკური" უწოდა. წულუკიანმა ჰარცელი ფეისბუქპოსტის მეშვეობით მიიწვია ამ თემაზე სასაუბროდ. 

შეხვედრიდან გამოსულმა ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმავე აზრზე რჩება, თუმცა საჯაროდ არ მოყვება, რაზე ისაუბრა წულუკიანთან. 

"შეხვედრას მივესალმები, რადგან ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია საუბარი. როგორც ვიცი, ჩემი გუშინდელი კომენტარის გამო ის უკმაყოფილო იყო, რომ შესაძლებლობა გვქონდა ამაზე გვესაუბრა და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს გვესმის ერთმანეთის პოზიცია. მე ჩემს აზრზე ვრჩები, არ ვაპირებ განვიხილო საუბარი, რომელიც ჩვენ შორის შედგა, როგორც გითხარით, ასეთი საუბრები სასარგებლოა", - თქვა ჰარცელმა. 

"საინტერესო" და "ნაყოფიერი" უწოდა შეხვედრას თეა წულუკიანმაც. მისი თქმით, ჰარცელმა განუცხადა, რომ მისი კომენტარი "პირადი აზრი იყო და არა ევროკავშირის პოზიცია". 

"ამ შეხვედრის დროს გაირკვა, როგორც მან აღნიშნა, გუშინდელი განცხადება ჩემთან და ჩემს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით არის მისი პირადი პოზიცია, პირადი აზრი, რაც ნიშნავს, რომ ეს არაა ევროკავშირის პოზიცია", - განაცხადა წულუკიანმა. 


close დახურვა