logo
ENG



გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან - ივანიშვილმა დღესაც წინა ხელისუფლებაზე ისაუბრა

20 ივლ 202011:20
3 წუთის საკითხავი
 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კოჯორში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ყოფილი ხელისუფლების მმართველობაზე მორიგ ჯერზე ისაუბრა. 

მან 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და თქვა, რომ მაშინდელმა მთავრობამ, ნაცვლად კრიზისის თავიდან აცილებისა, მოქალაქეები "ბრძოლის ველზე მიატოვა": 

"ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის კრიზისი აეცილებინა, რაც სავსებით შესაძლებელი იყო. არათუ დაიცვეს მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვეს ხალხი. გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს", - განაცხადა ივანიშვილმა.

ოცნების ლიდერმა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმით, ოპოზიციამ დაადასტურა, რომ მათთვის მთავარი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.

"სულ ახლახანს, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი უბრალოდ ხავსს ეჭიდება. მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში. იმ 8-წლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ. მჯერა, ხალხს აქვს იმის სიბრძნე, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღეს, 20 ივლისს, მმართველი გუნდი კამპანიას ოფიციალურად ხსნის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.


close დახურვა