გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ მოქალაქეები, აქტივისტები, პოლიტიკური წრეები ისევ აქციისთვის ემზადებიან, ხვალ უნიკალური ფორმის პროტესტი შედგება, პანდემიის გამო ერთად-ერთის წინააღმდეგ დისტანციით დაცვით და მთავარი მოთხოვნების გასახსენებლად, - პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აიღოს მთავრობამ და ძალოვანებმა, რომლებიც ამ დრომდე არ დასჯილან საკუთარი მოქალაქეებისთვის დამიზნებით სროლის გამო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ დღეს აღიარა, რომ 20 ივნისს ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა დღისით, თუმცა ღამით განვითარებულ მოვლენებზე, პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს - სადაც აქციის მონაწილეები ძალის გადამეტებით დაარბიეს, დაშავდა 200-ზე მეტი მოქალაქე და დაიჭრა 30-მდე ჟურნალისტი.
გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ წელს, გვახსოვს 20 ივნისი, ამბობენ, სამოქალაქო აქტივისტები და გავრილოვის ღამიდან 1 წლის შემდეგ პარლამენტის წინ ხვალ 7 საათზე ისევ შეიკრიბებიან. ორგანიზატორების 20 ივნისის დარბევების ღამეს ხელისუფლების ქმედებების გაპროტესტებას ერთი წლის შემდეგაც აპირებენ, ამბობენ, რომ ეს დღე არასოდეს იქნება მეორეხარისხოვანი, როგორც ეს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
პანდემიის გამო აქცია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ჩაივლის. რუსთაველის გამზირზე მისული ადამიანები დაიცავენ სოციალურ დისტანციას და აქციის ყველა მონაწილეს პირბადე ეკეთება
გავრილოვის ღამის 1 წლისთავზე საპროტესტო ტალღას კვლავ უერთდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
გამოუძიებელი საქმე და დაუსჯელი სამართალდამცველები, ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ერთი წლის შემდეგ. მესამე სექტორში ამბობენ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დღემდე არ გაუკეთებია მოვლენების სისტემური ანალიზი. მათი განმარტებით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ, მათ შორის იმ დროინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას წინააღმდეგაც უნდა დაწყებულიყო.
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა . გავრილოვს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას სხდომა მიჰყავდა. რასაც საზოგადოების დიდი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციამ ცრემლ სადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა, დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი რამდენიმე აქციის მონაწილეს 20 ივნისის ღამე თვალის დაკარგვის ფასად დაუჯდა, სპეცრაზმელების ტყვიებისგან დაიჭრა 30 ამდე ჟურნალისტი.