ლარი გაუფასურებას განაგრძობს. დოლარის ღირებულება დღევანდელი ოფიციალური კურსით 3.08 ლარია, ევრო კი, 3.39 ლარი ღირს. ვალუტის გაუფასურების საკითხზე დღეს ეროვნულ ბანკში ბრიფინგი გაიმართა.
სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ეკონომიკური მდგომარეობაა და ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა. გვენეტაძის თქმით, თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, სებ-ი მზადაა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საკითხი განიხილოს.
„ბაზრებზე ნავთობის ფასები მკვეთრი ვარდნის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა გლობალურად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება როგორც ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, ისე საქართველოში, რის გამოც, ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე ზუსტი შეფასების გაკეთება შეუძლებელია. იკვეთება ინფლაციაზე როგორც ზრდის, ისე შემცირების მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. საქართველოშიც და რეგიონის სხვა ქვეყნებშიც, სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მაღალია და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმაც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე როგორც სავალუტო ფონდთან, ისე დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში კონკრეტული გეგმა იქნება გასაჯაროებული.
„უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ საკმაოდ მოცულობითი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის წარდგენას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ ეს ყველაფერი მოხდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მდგრადი, ჩვენი ბრძოლა პანდემიასთან პრაქტიკულად ეს არის უკვე ომი, უბრალოდ მტერია უხილავი და კიდევ უფრო ვერაგი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ოფიციალური კურსისგან განსხვავებით, სავალუტო ჯიხურებში დოლარის და ევროს ღირებულება საშუალოდ 25 თეთრით მეტია. ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი რამდენიმე საათში იქნება ცნობილი.