logo
ENG



გვიჭირს მეგობრებო - თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან

04 დეკ 201923:45
3 წუთის საკითხავი
 
6l7s5p8r5jdaxck.png

NDI და IRI - სწორედ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები გახდა გადაცემის "თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან" ერთ-ერთი მთავარი თემა. როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზაციების მიმართ გამოთქმული ბრალდებებს, თავად IRI-ის პრეზიდენტი დანიელ ტვაინინგი გამოეხმაურა. მან უარყო ივანიშვილის ბრალდებები და მსგავს ქმედებას არადემოკრატიული ქვეყნებისთვის (რუსეთი და ჩინეთი) დამახასიათებელი სინდრომი უწოდა. 

"ვაშინგტონში ძალიან არიან გაკვირვებული ამით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკამ ამხელა დახმარება გამოიჩინა საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში",-განაცხადა ტვაინინგზმა, რაზეც მშვილდაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება კონკრეტული მიზეზის გამო ამ განმარტებასაც არასწორად გაიგებს.

გადაცემის წამყვანმა PISA-ს კვლევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს.

"გამოქვეყნდა PISA-ს 2018 წლის კვლევა, სადაც ქართველები წაკითხულის გააზრებაში ბოლოდან მე-5 ადგილზე არიან. გვიჭირს მეგობრებო. ყველა სხვადასხვანაირად რომ აფასებს გერმანულ მოდელს. ზოგი ამბობს კონსტიტუციის შეუსაბამოა, ზოგი პირიქით. ეს პოლიტიკური ვაჭრობა მეგონა, თურმე ვკითხულობთ და უბრალოდ აზრი ვერ გამოგვაქვს",-აღნიშნა მშვილდაძემ. 

წაკითხულის გააზრების პრობლების გამო, მშვილდაძის თქმით ქართველი საზოგადოებისთვის დროშის აღმართვაც კი გამოწვევაა. 

"ქუთაისის მერიამ დროშის აღსამართად ტენდერი მეხუთედ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49 ათას 959 ლარია",-აღნიშნა მშვილდაძემ.

კიდევ ერთი თემა, რაზეც გადაცემის წამყვანმა ყურადღება გაამახვილა, ლონდონში გამართული ნატო-ს სამიტია, სადაც საქართველოს გაწევრებაზე მსჯელობენ. ამავე საკითხზე გადაცემის ფარგლებში ქუჩის გამოკითხვაც ჩატარდა. კითხვაზე, რამდენ წელში შევა საქართველო ნატო-ში, გამოკითხულთა უმრავლესობას მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე გაუჭირდა ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა დარწმუნებულები არიან რომ ეს მოხდება. 

გადაცემის სტუმარი ამჯერად "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე იყო. წამყვანთან ერთად სტუმარმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილა. მათ შორის ოპოზიციის გაერთიანება და ახალი ფორმატი, რომლის ირგვლივაც ისინი გერმანულ მოდელზე მსჯელობენ. ბაქრაძის თქმით, მომზადებული კანონპროექტის მიღება ხელისუფლებას საბოლოოდ მაინც მოუწევს საზოგადოებრივი ზეწოლისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.

ზოგადად დაძაბული პოლიტიკური მოვლენების გამოსავალსაც ბაქრაძე საზოგადოებაში ხედავს. 

"რაც მაშინ გააკეთა საზოგადოებამ ასლან აბაშიძესთან მიმართებაში, იგივე უნდა გააკეთოს ახლაც",- განმარტა დავით ბაქრაძემ.

გადაცემის დასასრულს კი მშვილდაძემ შეაჯამა მიმოხილული საკითხები და აღნიშნა, რომ სწორი პოლიტიკის ფორმულა მრავალფეროვნებაშია და არა ერთპიროვნულ მმართველობაში.

 


close დახურვა