"პაციენტის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა", - ამის შესახებ განცხადება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ გააკეთა.
მისივე განცხადებით, 67 წლის კაცს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, გარდაცვალების მიზეზი კი სწორედ ძირითადი დაავადებებია.
"პაციენტს აღენიშნებოდა ჰემორაგიული ინსულტი, ეს არის სისხლჩაქცევა თავის ტვინში. გარდა ამისა, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ორმხრივი პნევმონია, მოციმციმე არითმია. საავადმყოფოში დაუდგინდა კორონავირუსი. 20 სექტემბერს იყო ჩვენთან პაციენტი გადმოყვანილი, 21 სექტემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ის ძირითადი დაავადებებია, რის გამოც ის კლინიკაში მოხვდა. კორონავირუსი გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე არ არის, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ", - განაცხადა გია კიკაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 სექტემბერს, კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა. ერთი ინფიცირებული ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა, ხოლო მეორე - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
22 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 218-ით გაიზარდა.