logo
ENG



გია ხარჩილავა ახლადარჩეულ მერებთან დაგეგმილ პრემიერის შეხვედრას არ დაესწრება

10 ნოე 202118:04
3 წუთის საკითხავი
 
გია ხარჩილავა ახლადარჩეულ მერებთან დაგეგმილ პრემიერის შეხვედრას არ დაესწრება
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

წალენჯიხის მერი და ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ხარჩილავა აცხადებს, რომ პრემიერისგან ახლად არჩეულ მერებთან მილოცვითი სახის ღონისძიებაზე მიწვევა მიიღო, თუმცა ამ ღონისძიებას არ დაესწრება.

ის ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ხარჩილავა სოლიდარულია იმ კოლეგების მიმართ, ვინც კენჭს იყრიდნენ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში და ხარჩილავას აზრით, არჩევნების საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტებით ჩატარების შემთხვევაში განსხვავებული შედეგები ექნებოდათ. კიდევ ერთი მიზეზი კი ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილისადმი გამოჩენილი არაჰუმანური მიდგომაა. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს.

„არ ვთვლი,რომ მილოცვა და საზეიმო განწყობა საქართველოს მოქალაქეების დუხჭირი,გაუსაძლისი ყოფიერების და კოვიდტრაგედიის შესაბამისია. ჩემს თავში ჩემი მოქალაქეების სოლიდარობის განწყობებია“, - აცხადებს წალენჯიხის მერი.

ხარჩილავა ასევე აცხადებს, რომ წალენჯიხის მოსახლეობამ მისი მერად არჩევით მიზნები დაუსახა და ამ გზაზე ის მზადაა ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად, საერთაშორისო, არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომავალში დაგეგმილ პროექტებს.  

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შეიქმნას სხვადასხვა დონეებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის კონსტრუქციული მოდელი,რომლის განზოგადება სამომავლოდაც შესაძლებელია. ამასთან, ვიმეორებ - მზად ვარ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის ჩემი მუნიციპალიტეტის ხვალინდელი დღის სასარგებლოდ“ - წერია გია ხარჩილავას განცხადებაში.


close დახურვა