logo
ENG



გიგა ოთხოზორიას დედა: მთავარი ამოცანაა, მტერს დავარქვათ მტერი

07 ნოე 202318:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/07/uyxyjwbfps45hwg.jpg

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ ფორმულას ეთერში კირბალში, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

"მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა და თანავუგრძნო იმ ოჯახს, რომელმაც ოჯახის წევრი რუსი ოკუპანტების ვერაგული მოქმედების გამო დაკარგა. ჩემთვის გუშინდელი დღე იყო იმის წინაპირობა, რომ მთელი დღე ადგილს ვერ ვპოულობ ოჯახში, ძალიან განვიცდი, ასე მგონია, რომ წუთი წუთზე ველოდები ჩემი შვილის მოსვენებას საკუთარ სახლში. დიდი უბედურება ხდება ჩვენს თავს, მე მაშინაც ვთქვი, რომ ჩემი შვილი ყოფილიყოს უკანასკნელი, რომელსაც მტრის ტყვია შეეხება მეთქი, მაგრამ ეს ასე არ არის", - თქვა ჯულიეტა ჭანტურიამ.

ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, "იმისათვის, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, მტერს უნდა დავარქვათ მტერი". მან ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ვერაგმა მტერმა არ მიიტაცოს ტერიტორია, ახლა უკვე მშვიდობიანად და არ დაამყაროს იქ თავისი ძალაუფლება".

"ყველაფერი, რაც მათ ხელეწიფებათ და რაც იქნება იმის ბერკეტი, რომ ამ მდგომარეობიდან როგორმე გამოვიდეთ, მტერს მტერი დავარქვათ - ეს არის მე მგონი მთავარი ამოცანა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ეს შეუძლიათ. ჩემი თქმა და მე რომ ჩემი აზრი ჩამოვაყალიბო, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ ვართ სახელმწიფო, თუ გვყავს ხელისუფალი, მაშინ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამ ვერაგმა მტერმა ეს ჩვენი ტერიტორია, ახლა უკვე მშვიდობიანად, არ მიიტაცოს და თავისი ძალაუფლება არ დაამყაროს იქ. ამ მცოცავი ოკუპაციის გამო, რამდენ ტერიტორიას ვკარგავთ, ყოველდღიურად, ყოველთვიურად და ყოველთვის ვიძახით, რომ 20% დავკარგეთ ტერიტორიის, მე მგონი ეს უკვე გადასახედია, 20%-ზე მეტი გვაქვს უკვე დაკარგული, ჩემი აზრით და ჩაბარებული რუსეთისთვის", - ამბობს ჯულიეტა ჭანტურია.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს  ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა