ოპოზიცია ქუთაისში და იმერეთში კორონა ვირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გუბერნატორს და მერს სასწრაფოდ საგანგებო შტაბის შექმნას ურჩევს.
გიგა შუშანია ქუთაისის მერიას სარეზერვო ფონდიდან ტრანსპორტის დეზინფექციისთვის თანხების გამოყოფისკენ მოუწოდებს. ოპოზიციონერის განცხადებით, ქუთაისი რისკ-ზონას წარმოადგენს და საჭიროა გაწმენდვითი სამუშაოების ჩატარება.
„იმის გათვალისწინებით, რომ იმერეთი და ქუთაისი არის კორონავირუსის გავრცელების რისკ-ჯგუფი, სამწუხაროდ იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის დაინტერესებული ამ პრობლემით. საჩვენებელი თათბირით და სურათებით არის დაკავებული. მოვუწოდებთ ქუთაისის მერს სასწრაფოდ შეიქმნას საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ანტისანიტარიაშია“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.