გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს.
გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.
"დატესტილიც იყო, დაექსპერტებულიც იყო, შესაბამისად რა მოხდა - გამოძიება დაადგენს. ახლა, ამ მომენტში არავინ იცის რამ გამოიწვია ეს. დიდი ხანია ეგ დატესტვის რეჟიმში არის. შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, ჩვეულებრივად ჩაირთო, არანაირი პრობლემა არ ჰქონია, რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა ექსპლუატაციაშიც ვერ შევიდოდა ფიზიკურად. რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, შესაბამისად არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით აქამდე არ ყოფილა", - თქვა გიგაშვილმა.
***
დღეს, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, მეორე მოზარდი ბიჭის მდგომარეობა დასტაბილურდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რაც შეეხება მესამე ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მერიის განცხადებით, გუშინ, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.