logo
ENG



ვაკის შადრევანში გაყვანილობა დარღვევებით გაკეთდა - ფორმულამ ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა

24 ოქტ 202220:07
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულამ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მოიპოვა, რომლის თანახმადაც ელექტროგაყვანილობა ვაკის პარკის შადრევანში დარღვევებით იყო გაკეთებული.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა გამოძიების ფარგლებში შეისწავლეს საქმის მასალები, ასევე დაათვალიერეს ვაკის პარკის შადრევანი, ელექტრო და სხვა საკომუნიკაციო გაყვანილობა, დაცვის სისტემები და დაადგინეს, რომ დამიწების არსებობის შემთხვევაში ელექტროენერგია შადრევანში ავტომატურად გაითიშებოდა. კერძოდ, მოხდებოდა მოკლე შერთვა და შედეგად ელექტროენერგიის ავტომატურ რეჟიმში გათიშვა.

გარდა ამისა, დასკვნის პირველ გვერდზე, რომელსაც ექსპერტი უჩა ხაჩიური აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ რიგ შემთხვევაში დაზიანებულია სანათებზე შემავალი კაბელების იზოლაცია.

"ასევე კაბელები რიგ შემთხვევაში გადაჭრილია და დაფარულია შავი ფერის წებოვანი ლენტით. უშუალოდ ლითონის ცხაურები არ არის დამიწებული, შესაბამისად კაბელის იზოლაციის დაზიანებისა და წყლის შეღწევის შედეგად აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდებოდა ელექტრო დენის გაჟონვა. საკაბელო ხაზების გარკვეული ნაწილი მოწყობილია ღიად. ყოველგვარი დამცავი გარსისა თუ ბარიერის გარეშე და თავმოყრილია ერთ ადგილას", - წერია დასკვნაში.

გამოძიების ვერსიით შავი ფერის კაბელებზე, თუნუქის ფირფიტა სწორედ შემდუღებლებმა გადააკრეს - რომელსაც საფუძვლად, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის დირექტორის მოადგილის გიორგი ვახტანგაშვილის მოთხოვნა უძღოდა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა. 19 ოქტომბერს გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს - მათ პატიმრობაც შეეფარდათ. უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.


close დახურვა