logo
ENG



გიგი უგულავა: ტრაგედიის ფონზე ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა

04 თებ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები დღეს პარლამენტის პიკეტირებას აღარ მოახდენენ. ბაღდათში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო მოძრაობებმა, აქციის გამართვა და სირცხვილის კორიდორის მოწყობა მიზანშეწონილად აღარ მიიჩნიეს. დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები დაღუპულების მიმართ მწუხარებას გამოთქვამენ.

„ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ისევე, როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა, კონსულტაციით გუშინ ღამე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აქცია, პიკეტი, სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა. მიგვაჩნია, რომ ასეთი ენით აღუწერელი ტრაგედიის ფონზე ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა. მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს, დღეს გადაიდოს პარლამენტის სხდომა. უკვე ხვალ, როდესაც პარლამენტის სესია გაიმართება, 10 საათზე ჩვეულებისამებრ კვლავ შევიკრიბებით და გავაპროტესტებთ უმსგავსობას და კვლავ მოვითხოვთ პროპორციულ სამართლიან არჩევნებს“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ხატია დეკანოიძის განცხადებით, აქციები ხვალ 5 თებერვლიდან გაგრძელდება.

„დღეს არ არის აქციის დრო, დღეს არის გლოვის დრო, ფიქრის და ამ ტრაგედიაში შინაგანად ჩაღრმავების. შესაბამისად, სირცხვილის დერეფნები ჩატარდება ხვალ, 5 თებერვალს და კარგი იქნებოდა უმრავლესობას დღეს გადაედო ეს სხდომა და პატივი მიეგო იმ გარდაცვლილებისთვის. ამის შემდეგ არაფერი არ შეიცვლება, ჩვეულებრივად გაგრძელდება ის გეგმები, რომლებიც გვაქვს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის დამოკიდებულებას იზიარებს სამოქალაქო სექტორიც. სამოქალაქო აქტივისტები გეგმავენ, რომ ხვალინდელ აქციაში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. გიგა მაქარაშვილის განცხადებით, როდესაც სოციალურდ დაუცველი ოჯახი ხის სახლში ცხოვრობს, ჩნდება ხანძარი და იწვება ერთი დიდი ოჯახი, ეს ქვეყნის ტრაგედიაა.

„ძალიან მძიმე ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა ბაღდადში, ვფიქრობთ, რომ  პარლამენტმაც უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით და ერთდღიანი გლოვა მაინც უნდა გამოცხადდეს იმიტომ, რომ 4 მცირეწლოვანი ბავშვი და ორსული დედა ხის სახლში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და მერე სანთლიდან თუ ნაკვერჩხალიდან ჩნდება ხანძარი და იწვება სოციალურად დაუცველი ერთი დიდი ოჯახი, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. ყველამ უნდა ვიფიქროთ და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მსგავსი ამბები აღარ ხდებოდეს“, - აცხადებს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

გუშინ, ბაღდათში, ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე იპოვეს კიდევ ერთი - ხანშიშესული ქალის ცხედარი.


close დახურვა