logo
ENG



გივი ტატუნაშვილი: როგორ შეიძლება ასეთი ლმობიერება ოკუპანტების მიმართ

02 აპრ 202114:36
3 წუთის საკითხავი
 

არჩილ ტატუნაშვილის მამა მისი შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს, თუმცა, თან ამბობს, რომ იმედი გადაწურული აქვს. 

გივი ტატუნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპანტი ქვეყნის მიმართ მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს. 

"არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები საქართველოს რუსეთმა უნდა გადმოსცეს. რუსეთი კიდე მაგის გამკეთებელი არ არის, რომ დამნაშავეები ქართულ მხარეს გადმოსცეს. 

იმედი გადაწურული მაქვს. 

ქართული მხარე არაფერს მეუბნება. 

საქართველოს ხელისუფლებამ მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს, როგორ შეიძლება ასეთი ლმობიერება ოკუპანტების მიმართ. ასე რომ არ იყოს, ჩემი შვილის მკვლელები დღეს დაუსჯელები არ იქნებოდნენ". - თქვა მან. 

არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა. 

35 წლის ასაკში ის რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს. 

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა.

ექსპერტიზის დასკვნით, ცხედარს, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს, მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი ეტყობოდა. 

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეს, სახელწოდებით "ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს. 

 


close დახურვა