logo
ENG



გინტურის ძმის თქმით, სავარაუდო მკვლელების დასახელების შემდეგ, საგამოძიებო არ დაუკავშირდა

09 ნოე 202311:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/09/ahdug2ocxxvy4lk.jpg

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა აცხადებს, რომ ოჯახის მიერ თამაზ გინტურის სავარაუდო მკვლელების დასახელების შემდეგ, საგამოძიებო უწყებიდან მათ არავინ დაუკავშირდათ და არ დაინტერესებულან, საიდან აქვს ოჯახს ინფორმაცია ორ ჯარისკაცზე.

თამაზ გინტური ძმას არ აქვს იმედი, რომ მოხდება მისი ძმის მკვლელების დასჯა. ის მოითხოვს, რომ მკვლელები საქართველოს გადმოსცენ და ქართულმა მართლმსაჯულებამ გაასამართლოს.

""ოჯახი ადასტურებს, სანდო წყაროსგან მოვიდა ამბავი, რომ მკვლელი არის ეს 2 ადამიანი. [...] არიან სამხედრო დამნაშავეები, მოვითხოვ დასჯას. როგორც საქართველოს მოქალაქეებს გადასცემენ გინდა რუსეთს, გინდა სხვა სახელმწიფოს, უნდა გადმოსცენ საქართველოს ეს ორი პიროვნება და გაასამართლოს საქართველომ. არავინ არც ხელისუფლებიდან დამკავშირებია, არავინ საგამოძიებოდან არ ყოფილა. პოლიცია, არავინ არ მოსულა ამ გვარების გამოკითხვაზე. [...] რამდენი გმირი მოკლეს, რამდენი გმირი დახვრიტეს - ოთხოზორია, ტატუნაშვილი, გარეთ არიან მათი მკვლელები. იციან, ვინც არიან, ახლაც იციან, ვინ არის ჩემი ძმის მკვლელი, არც მათ დასჯიან", - აცხადებს თამაზ გინტური ძმა.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს  ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა