logo
ENG



გიორგი გახარია: ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი არ დგინდება

21 მარ 202014:41
3 წუთის საკითხავი
 

„ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი არ დგინდება,“ - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ საკომენდანტო საათის აუცილებლობა დადგა,  მაშინ გამკაცრდება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაც.  

„ამ ეტაპზე საკომენდატო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები. ჩვენ ვზღუდავთ ბუნებრივად მოქალაქეების მობილურობას და მოვუწოდებთ მათ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, რომ ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ასევე ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე. თუ ასეთი აუცილებლობა დადგა, ჩვენ შემდგომ გამკაცრების საშუალება გვაქვს და სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამკაცრებით დაწყებული, უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ბალანსი - ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაგრამ თან ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან მალევე, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვირუსის პირველი ტალღა საქართველომ წარმატებით გადაიარა, თუმცა მდგომარეობის დამძიმებას უნდა ველოდოთ.

პრეზიდენტის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინა არ არსებობს, მხოლოდ პრევენციული ღონისძიებების გატარება შეგვიძლია და სწორედ ამიტომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, რომელიც 2020 წლის 21 აპრილამდე გაგრძელდება.


close დახურვა