„კიდევ ბევრი წერილები და პოზიციების დაფიქსირება იქნება,“ - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამერიკელი სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით აკეთებს.
მისი განცხადებით, მათ მწვავე კითხვებზე პასუხების არასდროს არ შეშინებიათ სწორედ ამიტომ უახლოეს პერიოდში, როდესაც პარლამენტის დელეგაცია ამერიკაში გაემგზავრება, ჩვენი დელეგაცია აქტიური, ეფექტური და ობიექტური იქნება.
„მე გუშინ ვთქვი, რომ აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და კიდევ ბევრი წერილები და პოზიციების დაფიქსირება იქნება. ჩვენ არასოდეს არ შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად ვიყავით შესაბამისი პასუხები გაგვეცა. როგორც იცით გუშინ საქართველოში ჩამოვიდა შეერთებული შტატების ახალი ელჩი, უახლოეს პერიოდში პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება ამერიკაში. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით უაღრესად აქტიურები, ეფექტურები და ამასთან ერთად ობიექტურები ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ახლა აი ამ ჟრიამულს ვტეხავთ. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ კრიტიკა ვაშინგტონიდან არ წყდება. მორიგი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერად სენატორებისგან მიიღო.
კომიტეტის თავმჯდომარე „რესპუბლიკელი" სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვედა კომიტეტის უმცირესობის „დემოკრატი" ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადაიხედოს.