logo
ENG



გიორგი გახარია: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ

27 მაი 202017:38
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისის დასრულება „ქართული ოცნების“ უპირველესი ამოცანაა. 

მისი განცხადებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, უბრალოდ სასამართლო სისტემამ მიიღო გადაწყვეტილება და ერთი ადამიანი, რომელიც საზოგადოებას პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა დააპატიმრა, ხოლო მეორეს ბრალი ბიუჯეტიდან თანხების მოპარვაში დასდო.

გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიტიკური პროცესი მაშინ დასრულდება, როდესაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი დადგება.

„პოლიტიკური კრიზისის დასრულება არის ჩვენი გუნდის უპირველესი ამოცანა. ჩემთვის საქართველოში საერთოდ პოლიტპატიმრები არ არსებობენ. არსებობს სასამართლო სისტემა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილებები. ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღო ადამიანთან მიმართებაში, რომელიც პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა და ამ შტურმში იღებდა მონაწილეობას. მეორე ადამიანმა უბრალოდ ბიუჯეტიდან მოიპარა კონკრეტული რაოდენობის თანხა, შემდგომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყალებინა და ამით დამთავრდა პროცესი. 

პოლიტიკური პროცესი დასრულდება მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკური შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი დადგება. აქ გამოჩნდება ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს და ვინ არის ამ პოლიტიკური კონსენსუსის, მშვიდობის, ნორმალური არაპოლარიზებული საარჩევნო გარემოს მომხრე და ვინ დგამს ნაბიჯებს პირიქით დესტაბილიზაციისკენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა