logo
ENG



გიორგი გახარია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე: უმკაცრესად დაისჯება ყველა შესაბამისი პირი

18 დეკ 201911:33
3 წუთის საკითხავი
 
d8a3i61zf4spgwl.jpg

"პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს. 

როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, განათლებასა და თუ ჯანდაცვაში გამოწვევბი ისევ არსებობს და ამ პრობლემების მოგვარება აუცილებელია.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული",-აღნიშნულია გაცხადებაში. 

პრემიერმა სხვადასხა უწყების მისამართით კონკრეტული დავალებები გასცა. 

"ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ, შესაბამისად, ვავალებ:

• შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი.
• ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში.
• იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.

საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი.

მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან",-ნათქვამია განცხადებაში.

 


close დახურვა