logo
ENG



გიორგი გახარიას გუნდმა ქართული ოცნება დატოვა

14 აპრ 202112:03
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას გუნდმა ქართული ოცნება დატოვა. 

კერძოდ, მმართველი პარტია დატოვეს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ. 

ისინი ექსპრემიერის პარტიას შეუერთდებიან, პარლამენტში კი მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ. 

"ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები. ვართ თანამოაზრეები. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები. ახალი ამბავი არის ის, რომ ჩვენ, გიორგი გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე. შესაბამისად, ვტოვებთ ქართულ ოცნებას და პარლამენტში ამ ეტაპზე საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორ დამოუკიდებელი დეპუტატები". - თქვა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა. 

მმართველი გუნდის უკვე ყოფილმა წევრებმა თქვეს, რომ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას გიორგი გახარიასთან ერთად უახლოეს მომავალში მიაწვდიან. 

დღევანდელ ბრიგინგზე ითქვა ისიც, რომ ისინი იზიარებენ დაშვებულ შეცდომებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა 2019 წლის 20-21 ივნისის ღამე, ხოჯევანიშვილმა გუნდის სახელით უპასუხა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა რადიკალიზაციაა. 

"რა თქმა უნდა, პრობლემები, შეცდომები იყო. ამას ჩვენ ვიზიარებთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რაც ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად ადარდებს, არის რადიკალიზაცია, რომლის წინაშეც დღევანდელი საზოგადოება დგას. ხალხს მოსწყინდა ამ ყველაფრის ყურება. ამიტომ არის ქმედითი ნაბიჯები საჭირო. ამიტომ არის სწორი ხალხთან დაახლოებული პოლიტიკის გატარება და ამით ჩვენი ქვეყნის განვითარება". 

რადიკალიზაციაზე ილაპარაკა მან ვადამდელ არჩევნებზე დასმული კითხვის პასუხადაც: 

"ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას და დიდ განხეთქილებას საზოგადოებაში. შესაბამისად, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს". 

გიორგი გახარიას ახალი გუნდის წევრები ასევე ამბობენ, რომ ითანამშრომლებენ კონსტრუქციულად განწყობილ ჯგუფებთან, რაშიც მედიაც იგულისხმება.  

მათი წასვლის შემდგე პარლამენტში ქართული ოცნების 84 დეპუტატი დარჩა. 

***

თავად გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი და პარტია ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადაწყვეტილება მან ნიკა მელიას დაკავების ფორმის შესახებ ქართული ოცნების გუნდთან აზრთა სხვადასხვაობას დაუკავშირა. გახარიას თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელია.

ექსპრემიერმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი 22 მარტს გააკეთა. როგორც მან თქვა, ჭორების მიუხედავად, "არსად წასვლას არ აპირებს, პოლიტიკაში რჩება და ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცემა". 

 


close დახურვა