logo
ENG



გიორგი ვაშაძე: სტრატეგია აღმაშენებელი შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს

08 დეკ 202015:49
3 წუთის საკითხავი
 
გიორგი ვაშაძე: სტრატეგია აღმაშენებელი შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ ოპოზიციის საერთო შეთანხმების გარეშე მისი პარტია "არსად შესვლას არ აპირებს". მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის რამდენიმე ოპოზიციონერთან ერთად შედის პარლამენტში, ვაშაძე "ბინძურ თავდასხმას" უწოდებს.

"სამწუხაროდ, ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით ისევე როგორც წინასაარჩევნოდ, არაერთხელ. სწორედ ის ძალები, რომლებიც ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, წინასაარჩევნოდ, სწორედ ამ ძალებმა, მათ შორის, ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დაარღვიეს ოპოზიციური შეთანხმება, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის დიდი პროცესი, რასაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა. [...] იმიტომ შევდივარ ამ შეხვედრაზე, რომ ამით ფუნდამენტს ჩავუყრით [ბიძინა] ივანიშვილის მოშთობას ამ ქვეყნიდან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დაწყებამდე. 

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს შედგება. III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა. 

მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.  

შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარეობს. პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.


close დახურვა