logo
ENG



გიორგი ვაშაძე: წინააღმდეგობა გაგრძელდება მანამ, სანამ ოცნება არ შეისმენს ხალხის ძახილს

24 ნოე 201914:17
3 წუთის საკითხავი
 
mtvnj58xg5sldiu.jpg

ოპოზიციის ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან. 27 პოლიტიკური ორგანიზაცია ხვალინდელი მასშტაბური აქციისთვის ემზადება. დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ სამოქმედო გეგმა და საორგანიზაციო საკითხები უნდა განიხილონ.

„ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი გეგმის და სტრატეგიის მიხედვით. ყოველი დღე არის უფრო და უფრო დიდი გამარჯვება ხალხის ხელში და უფრო და უფრო მარტო რჩება „ქართული ოცნება“. დღეს ვიკრიბებით იმისთვის, რომ გავიაროთ, რას მივაღწიეთ დღევანდელ დღემდე და იმ სტრატეგიას, რაც გვაქვს, კიდევ ერთხელ გადავხედოთ, ხომ არ უნდა შევცვალოთ რაღაც კომპონენტები. ხვალ 19 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე. რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა იქნება და მოეწყობა პარლამენტის მშვიდობიანი, არაძალადობრივი პიკეტირება. ეს მშვიდობიანი, არაძალადობრივი წინააღმდეგობის კამპანია გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არ შეისმენს ხალხის ძახილს. ჩვენ გვინდა აღვკვეთოთ ​ხელისუფლების მიტაცება ქვეყანაში, ჩვენ გვინდა ​ეკონომიკურად ნორმალურ განვითარებულ საქართველოში ვიცხოვროთ, ჩვენ გინდა ვიცხოვროთ, საქართველოში სადაც ყველა ადამიანს აქვს პერსპექტივა,“ - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობა - საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება ამ პროტესტს. მისივე თქმით, ეს თაობა ნამდვილად არ დაუშვებს იმას, რო ერთმა ადამიანმა, ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მოახვიოს ქვეყანას თავზე თავისი მმართველობა.

„უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება ამ პროტესტს, განსაკუთრებით - ახალგაზრდები. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ სხვა თაობა მოდის. ეს თაობა ნამდვილად არ დაუშვებს იმას, რო ერთმა ადამიანმა, ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მოახვიოს ქვეყანას თავზე თავისი მმართველობა მით უფრო მაშინ, როდესაც ეს უსამართლო და ტყუილზე აგებული მმართველობაა. ახალგაზრდებმა გვაჩვენეს მაგალითი, რომ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ნებისმიერ ფასად, რა თქმა უნდა, აქ კონსტიტუციური ფასი იგულისხმება, მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნები,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


close დახურვა