„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. როგორც ის აცხადებს, შექმნილი პანიკა ორ ძირითად საკითხს უკავშირდება.
ვაშაძემ აღნიშნა, რომ პირველი საკითხი ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობაა და მთავრობას მოუწოდა, აამოქმედოს პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმი და განაცხადოს, ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა საჭიროების შემთხვევაში. რაც შეეხება მეორე საკითხს, „ახალი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ ეს საკოორდინაციო საბჭოს „გაუგებარი ბრიფინგებია“.
„მთავარი საკითხი, რატომ გვაქვს პანიკა - ამის გამომწვევი არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი ეს არის ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობა. როცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიდის პაციენტი და მას ვერ იღებს საავადმყოფო, როცა შემდეგ მიდის ინფექციურთან და ვერც ის იღებს, შემდეგ არ იცის სად უნდა წავიდეს. რაც შეეხება მეორე მიზეზს, ეს არის გაუთავებელი და გაუგებარი ბრიფინგები, რომელიც ტარდება ყოველდღიურად მთავრობის მიერ. ბრიფინგები ხანგრძლივი და ბევრი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს მოკლე, კონკრეტული გზავნილით და დამაჯერებელი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან ასევე დააანონსა, რომ ხვალ ანტიკრიზისულ მოკლევადიან გეგმას წარმოადგენენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება განისაზღვროს, რამდენ ხანში დაასრულებენ საგანგებო მდგომარეობას.