logo
ENG



გიორგი თაბაგარი: 5 ივლისს მომხდარზე ჩემ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღძრეს

04 სექ 202112:57
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: გვანცა ნემსაძე / ფორმულა

Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ 5 ივლისთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საქმე აღიძრა. 

მისი თქმით, საქმე ეხება პოლიციელთან სატელეფონო საუბარს. 

"2-3 საათია, ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად.

ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ადგილას და მირეკავს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება, ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ, რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო.

იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა, ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო

არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას". - ამბობს გიორგი თაბაგარი. 

5 ივლისს, 18:00 საათზე თბილისი პრაიდის ფარგლებში რუსთაველის მეტროდან ღირსების მარში უნდა გამართულიყო. 

მოძალადე ჯგუფებმა აქციის დასარბევად შეკრება წინა ღამეს დაიწყეს. 5 ივლისის დილით 10:00 საათიდან კი მათ ჯერ პარლამენტის წინ განთავსებული ოპოზიციური კარვები აიღეს, შემდეგ კი ჟურნალისტების ცემა დაიწყეს და მათ ფიზიკურად რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდნენ. მათ ასევე დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისები. პრაიდის ორგანიზატორებს უწევდათ სხვადასხვა ადგილას დამალვა, ვინაიდან მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, მოძალადე ჯგუფები კი მათ ადგილსამყოფელს მალევე იგებდნენ. 

ადგილზე პოლიცია მცირე რაოდენობით იყო მობილიზებული.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება დაახლოებით 12:00 საათზე გააკეთა და მაშინ, როცა მოძალადეები თბილისის ქუჩებში ადამიანებს სასტიკად სცემდნენ, თქვა, რომ პასუხისმგებლობა თბილისი პრაიდს ეკისრება. 

სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე დაშავდა 53 ჟურნალისტი. ერთ-ერთი მათგანი, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა სასტიკად ცემიდან 6 დღეში, 11 ივლისს, საკუთარმა დედამ გარდაცვლილი იპოვა. 


close დახურვა