logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: Welcome Безпридел-ში

07 ივლ 202121:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/07/u2s5l9ggdeoc5ks.jpg

5 ივლისი ამიერიდან აღინიშნება, როგორც "ბეზპრიძელის" დღე. 90-იან გამოვლილებმა ვიცით მხოლოდ ახალგაზრდებისთვის "ბეზპრიძელის" ლექსიკური განმარტება: "მოქმედება, რომელიც გადადის ყველა დაწერილ თუ დაუწერელ ზღვარს, უკანონობის და უწესრიგობის უკიდურესი გამოვლინება".

5 ივლისს ყველამ თითქოს თავისი გამარჯვება იზეიმა: ხელისუფლებამ - საძულველ მედიაზე, შავბნელმა დაჯგუფებებმა - პრაიდზე, საპატრიარქომ - ყველა დანარჩენზე, რუსეთმა კი ევროკავშირზე (იმედია მხოლოდ დროებით). ხელოვნურად კულტივირებული ისტერიის მეორე დღეს კი, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ბევრი ადამიანი სახლში ერთგვარი კმაყოფილების გრძნობითაც კი წავიდა: ხელისუფლება და პოლიცია იძულებული გახდა, წინა დღისგან განსხვავებით, ისინი გავეშებული მოძალადეებისგან დაეცვა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ჯერ კიდევ, მთლად რუსეთი და ირანი არ არის.

მადლობა ღმერთს, რომ უმსხვერპლოდ გადავრჩით. ჩემი ახალგაზრდა კოლეგების ჭრილობები მოშუშდება, შავ-თეთრი თუ ფერადი კვამლი გაიფანტება და დავინახავთ, რომ მთელი ეს საგიჟეთი კვლავ მორიგი პოლიტექნოლოგიური ავანტიურაა ეროვნული ინტერესების სრული უგულებელყოფის ხარჯზე. თუმცა, მანამდე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს იყო, ერთი მხრივ, ზოგადი განაცხადი ხელისუფლებისა და საპატრიარქოსი, თუ როგორ გაუსწორდებიან ყველას, ვინც მათ სტანდარტებში არ ჯდება და მართვის სტილს არ ემორჩილება, მეორე მხრივ კი - საარჩევნო კამპანიის დასაწყისი, რომელმაც ოცნება შემდეგ არჩევნებში ხელისუფლების დაკარგვას უნდა გადაარჩინოს.

ღირსების მარში რომ უბრალოდ საბაბი იყო, ამაზე ალბათ ძალიან გულუბრყვილო და ქართული სინამდვილის არმცოდნე ადამიანი თუ დამიწყებს კამათს. მმართველმა გუნდმა ნათლად დაინახა საფრთხე, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოცნება 43 პროცენტიანი ბარიერის ქვევით რჩება. არაერთხელ ნაცად და კარგად აპრობირებულ ორპოლუსიან პოლიტიკას, სადაც საქართველოს მოსახლეობა სისხლიანი 9 წლის მობრუნების შიშით ისევ ოცნებას ირჩევს, გახარიას გამოჩენამ წერტილი დაუსვა. საჭირო გახდა რაღაც ისეთის შემოგდება, რაც მოსახლეობის უმრავლესობის ნერვულ სიმებს მტკივნეულად შეეხებოდა, პოლიტიკურ გარემოს ისევ უკიდურესი პოლარიზაციისკენ უბიძგებდა და რაც მთავარია გახარიას გაანეიტრალებდა.

პრაიდისგან განსაკუთრებული საფრთხის შექმნით, ოცნებამ კვლავ ორი კალათის ელექტორალური პრინციპი შემოგვთავაზა. პირველ კალათში საპატრიარქო, ქრისტიანობისა და ქართული ტრადიციების ვითომ დამცველი აგრესიული ჯგუფები და საკუთარი თავი მოათავსა. მეორეში კი ქვიარ თემი, კრიტიკული მედია და ოპოზიცია. პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა კი, ის ვითომდა უდიდესი საფრთხე გახადა, რომელიც ეკლესიას და ქართულ იდენტობას წალეკვით ემუქრება და მისი მოგერიების შემძლე ერთადერთ და საპატრიარქოსგან ხელდასმულ პოლიტიკური ძალად საკუთარი თავი გამოაცხადა. ამ სქემითა და აპოკალიტპური სცენარით, ოცნება პოლარიზაციას ზრდის, პოლიტიკური თამაში ისევ ორპოლუსიან სისტემაში გადაჰყავს, ნაცმოსა და დანარჩენ ოპოზიციას სექსუალური უმცირესობის მხარდამჭერად წარმოაჩენს, გახარიას კი მნიშვნელოვნად ასუსტებს, რაც მმართველ გუნდს ყოფილი პრემიერისკენ გადახრილი ოცნების ელექტორატის უკან დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.

ჟურნალისტები რაღა შუაში იყვნენო იკითხავთ ალბათ. შუაში კი არა თავში ვართ და ალბათ ამიტომაც გაუსწორდნენ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს ასე დაუნდობლად. რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, კრიტიკული მედია დღეს ქვეყანაში არსებული ყველაზე აქტიური და ქმედითი მექანიზმია, რომელიც თავგამოდებით და ახლა უკვე პირდაპირი გაგებით თავგანწირვით ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ბოლომდე ავტორიტარულ, რუსულ ლიანდაგზე გადაყვანას. ჟურნალისტები და ოპერატორები კი ის ხალხია, რომლებიც მწარე სიმართლის სააშაკარაოზე გამოტანით ამხელენ და დისკომფორტს უქმნიან ხელისუფლებასაც, საპატრიარქოსაც და მათ კონტროლირებად მოძალადე ჯგუფებსაც. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ კვლავ ხელისუფლების დარტყმის მთავარი ობიექტი აღმოვჩნდით და ყველაფერი თითქოს გეგმის მიხედვით მიდიოდა რომ არა გადამლაშება.

5 ივლისის ძალადობა გაცდა პრაიდსაც, დასახიჩრებულ ჟურნალისტებსაც, ლიბერალებისა და კონსერვატორების მსოფლიო ჭიდილსაც და ოცნების საარჩევნო კამპანიასაც. ძალადობრივმა ჯგუფებმა ირწმუნეს, რომ მათ ხელშია ძალაუფლება, ისინი მართავენ ქუჩას და ამყარებენ წესრიგს, რომ მათ დროებითი კონტრაქტი კი არ აქვთ ძალასთან, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს - ისინი არიან თავად სახელმწიფო. ბევრის შვილს, მათ შორის ოცნების მხარდამჭერებისას, მოხვდა ფურთხი, წიხლი თუ ხელკეტი, და ვისაც არ მოხვდა ადვილად შეიძლებოდა მოხვედროდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების დადგენილ დრესკოდსა და ვიზუალურ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდნენ. ყველას, მათ შორის ოცნების მხარდამჭერებს მხოლოდ კი არ გაახსენდათ 90-იანი წლების ქაოსი, ე.წ. "ბესპრიძელშინა", არამედ იხილეს და დღესაც უყურებენ თბილისის ქუჩებში, სადაც კადიროვის ჩეჩნეთის მსგავსად დაცული უკვე აღარავინაა.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში და ამავე დროს მსხვერპლის როლში კი, ალბათ, პოლიცია აღმოჩნდა. რეგიონში და მის გარეთაც ერთ დროს თითით საჩვენებელი, რეფორმირებული ქართული პოლიცია, რომელსაც გავეშებული ბრბო თავზე ჯოხებს ამტვრევდა, მათ თვალწინ კი უდანაშაულო ადამიანებს უმოწყალოდ სცემდა. პოლიცია კი მხოლოდ რაგბის შერკინების წესებს იქით ვერ მიდიოდა და მის ხელთ არსებული კანონიერი მექანიზმების მინიმუმიც კი არ გამოაყენებინეს არც მშვიდობიანი, კანონმორჩილი მოქალაქეების და არც საკუთარი თავების დასაცავად. 5 და 6 ივლისს ოცნებამ კონსტიტუცია მათ შორის ქართულ პოლიციასაც თავზე გადაახია.

ივანიშვილსა და ოცნებას ჯერ ისევ შეიძლება ჰგონიათ, რომ გაიმარჯვეს და ყველაფერი მათი სცენარით მიდის, თუმცა თუ ასე გაგრძელდა 5 ივლისის მოვლენის ყველაზე დიდი მსხვერპლი, მაღალი ალბათობით, თავად ხელისუფლება გახდება. მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაიწყება ყველა მეტნაკლებად მოაზროვნე ადამიანის გადინება ოცნების მხარდამჭერთა რიგებიდან, რითაც მმართველი გუნდი მხოლოდ ინტელექტისგან დაცლილი რადიკალური ჯგუფების ამარა დარჩება, რომლებიც მზად არიან ევროკავშირის დროშა ჩამოხიონ, დაწვან და მის ნაცვლად რუსული ტრიკოლორი აღმართონ. რა თქმა უნდა, რეგიონში უფრო სპეციფიური, თეოკრატიული ვერსიაც არსებობს, მაგრამ ჩვენი, როგორც ამ დღეებში კორკოტას მიმართეს "ჭარმაგი თაობისა" და მათ რჩევებსა და მაგალითებზე აღზრდილი უკანალის მცველი თავგანწირული რაინდების ნაწილისთვის, ენდემური და კომფორტული გარემო ევროპისგან განსხვავებით სწორედ რუსეთია, სადაც ავტორიტარის ინტერესისა და ნების მიღმა დარჩენილი ნებისმიერი სივრცე და ურთიერთობა მხოლოდ "პო პანიატიამ" ანუ კანონს მიღმა არსებული წესებით იმართება.

თუ ყველა ამას ვერ აღვუდექით, შეგვრჩება ბიძინას, ანუ "ბეზპრიდელის" საქართველო, სადაც "პრიდელს" ანუ ზღვარს მხოლოდ ერთი კაცი განსაზღვრავს, სადაც თქვენი შვილები ცხოვრებას უბრალოდ არც ისურვებენ და ვეღარც შეძლებენ, მარტო 5 ივლისი აღარ იქნება ზღვარგადასული უკანონობის დღე, ხოლო ამ ქვეყანაში ნორმალური ფეხს აღარავინ შემოადგამს, რაც არ უნდა ინგლისურ-რუსულად მივესალმოთ და მოვუხმოთ: "Welcome Безпридел-ში".


close დახურვა