logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: გადავსებული ფიალა

26 სექ 202120:08
3 წუთის საკითხავი
clock 1243

5 დღეში 9 წელი შესრულდება 2012 წლის 1 ოქტომბრის ეპოქალური მნიშვნელობის არჩევნებიდან. ეპოქალური იმიტომ, რომ იქ, სადაც ადამიანის ღირსებისა და კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების დაცვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ უზრუნველყვეს და პირიქით, თავად იქცნენ მოძალადეებად, ძალაუფლება ერთი დღით ხელში ხალხმა აიღო და გადასცა მას, ვისი იმედიც ჰქონდა, რომ სამართალს და უფლებების დაცვას მხოლოდ პოლიტიკაში მოსახმარ სიტყვებად არ დატოვებდა. უცხოელებმაც ძალიან შეგვაქეს: მთელს რეგიონში პირველი ისტორიული პრეცედენტი შედგა - ძალაუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით, ცივილიზებულად გადავიდა ერთი მმართველი ჯგუფიდან, მეორეს ხელში, რომლის ცენტრში მდგარი ფიგურის დაპირებაც - სამართლის უზენაესობის და ეკონომიკური კეთილდღეობის გარდა, ევროპის დემოკრატიით გაოცებაც იყო. წესით მაშინვე უნდა მივმხვდარიყავით, ამ ეგზოტიკური დაპირების მიღმა რა მასშტაბის სახიფათო ექსპერიმენტში ამოვყავით თავი, თუმცა ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისა არ იყოს, იგივე ევროპაც, კარგა ხანს, სასურველს რეალობასთან აიგივებდა. და აი, დადგა მომენტი, როცა სხვა გზაც კი აღარ დარჩა:

როდესაც ელჩს ბრიუსელში, ოცნების თავმჯდომარეს კი თბილისში ევროკავშირის ოფისში ახსნა-განმარტებისთვის თითქმის ერთდროულად იბარებენ, ეს ცუდი კი არა, ძალიან ცუდი ნიშანია იმისა, რომ დასავლეთის მოთმინების ფიალა ბოლომდე აივსო. ჩვენი პარტნიორები, რომელთა ელჩებსაც სუს-ი უკანონოდ უსმენს, ნათლად ხედავენ თუ რა სისწრაფით განვლო საქართველომ გზა რეგიონის დემოკრატიის ლიდერობიდან აუტსაიდერობამდე და როგორ იქცა ერთ დროს დასავლეთის უახლოესი მეგობარი და სანდო პარტნიორი - ნდობადაკარგულ და მათთვის საფრთხისშემცველ სახელმწიფოდ.

ამბავი გავრილოვის ღამით და ერთი შეხედვით მარტივი ტრიუკით დაიწყო. სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ოცნებისეული საჯარო დაპირება, რომელიც გაეროს ტრიბუნაზეც გადმოეფინა, ივანიშვილმა უკანმოუხედავად დაარღვია. ამას ვაშინგტონის მკაფიო მხარდაჭერის მიუხედავად მალევე მოჰყვა ანაკლიის პროექტის ჩაგდება და დასავლეთის აქტიური ჩართულობით მიღწეული 8 მარტის შეთანხმების მხოლოდ ნაწილობრივი შესრულება.

გადაგდებების მეორე სერია 2020 წელს, სერიოზული დარღვევებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით გაგრძელდა, რის შემდეგაც დასავლეთმა საქართველოში უკიდურესი დაძაბულობის, შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებისა და ამის ფონზე ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიიდან გადახვევის რეალური საფრთხე დაინახა. ვითარების განმუხტვას არც მეტი, არც ნაკლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეეცადა და ვიხილეთ კიდეც მისი სახელობის შეთანხმება. მიშელის მხრიდან ამ პასუხისმგებლობის აღებით, ევროკავშირი და დასავლეთი სერიოზულ ვა-ბანკზე წავიდა: წარმატების შემთხვევაში ბრიუსელი და ვაშინგტონი საქართველოსაც გადაარჩენდა და რეგიონში პოზიციებს და რეპუტაციას გაიმყარებდა. თუმცა, ივანიშვილმა მათ ამის საშუალება არ მისცა და ოცნების მხრიდან ხელშეკრულებიდან თავხედურად გასვლით ევროკავშირის ავტორიტეტი სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენა.

ამ ყველაფრის გაგრძელება იყო 5 ივლისის ტრაგიკული მოვლენები, რითაც ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიანიშნა ბრიუსელსაც და ვაშინგტონსაც, რომ მისი საქართველო დასავლური ღირებულებებისგან ჯერ კიდევ შორს, აი, ჩრდილოელ მეზობელთან კი ძალიან ახლოსაა. და ამ დისტანციას სასამართლო რეფორმაზე და ევროკავშირის 75 მილიონიან ტრანშზე უარით მკაფიო ბეჭედი დაასვა.

ყველაფერი ამით რომ დასრულებულიყო, დასავლეთში ოცნების რევერანსები უბრალო ფარისევლობად, საქართველოს დემოკრატიული ჩავარდნა კი მორიგ წარუმატებელ ფაზად შეფასდებოდა. თუმცა, ივანიშვილი არც ამით დაკმაყოფილდა. დღევანდელი მდგომარეობით საქართველო დასავლეთისთვის არა მხოლოდ ჩავარდნილი პროექტი, არამედ საფრთხის მატარებელ ქვეყნად წარმოჩნდა, სადაც მეგობარი ქვეყნების ელჩებს "უპრაგონოდ" უსმენენ და უთვალთვალებენ. ხოლო ის ორგანო, რომელიც ამას აკეთებს, რუსული ინფილტრაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

ამიტომ, რაგინდ საკვირველადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, თუ ვინმეს აქვს დღეს ივანიშვილსა და ქართული ოცნებასთან ანგარიშის გასწორების მიზეზი, ბუნებრივია ქართველი ხალხის გარდა, ეს სწორედაც რომ დასავლეთია. თუმცა, რუსეთისგან განსხვავებით, ის ამას ტანკითა და ავტომატით არ აკეთებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს მოსახლეობის ნებას ექნება, რომლის კიდევ ერთხელ დათრგუნვისა და უგულებელყოფის უფლებასაც, არჩევნების შეფასებისას, ვაშინგტონი და ბრიუსელი ივანიშვილს უკვე აღარ მისცემს.

ამას არაადეკვატურობით გამორჩეული ოცნების ფორმალური ლიდერებიც ხვდებიან და გაღიზიანებას არ მალავენ. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ თუ ხვალ ცნობილ სისხლიან ბანერებზე სააკაშვილის, მელიას და გახარიას გვერდით თვალებჩაშავებული ელჩების - კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის გამოსახულებები ვიხილოთ. მათი ბოლო დღეების რიტორიკის ლოგიკური გაგრძელება სწორედაც ასეთი უნდა იყოს.


close დახურვა