გაფიცვების რუკამ ლამის მთელი საქართველო მოიცვა. ნაწილი ხელფასის მატებას და უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვს, მეორე ნაწილი კი განადგურებული სახლ-კარის სანაცვლოდ ღირსეულ კომპენსაციას. სხვები საკუთარ ხეობას გასხვისებისა თუ გაოხრებისგან იცავენ, ზოგიერთები კი 3-ჯერ ნასამართლებ რექტორს ებრძვიან. მოკლედ მოთხოვნები განსხვავებულია, თუმცა, რაც ამ ადამიანებს აერთიანებს არის შეგრძნება რომ მათი ხმა არავის ესმის.
რატომ მაინდამაინც დღეს? თანამედროვე საქართველოში ხომ ყოველთვის ჭირდა ცხოვრება: ხელფასიც დაბალი იყო, სამართლის პოვნაც რთული. ოღონდ სამუშაო ყოფილიყო და პირობებს ვინ ჩიოდა, ანდა ვინ გაიფიცებოდა, როდესაც თითო სამუშაო ადგილზე ათეულობით უმუშევარი მოდიოდა. დღეს რამე უკეთესობისკენ შეიცვალა? - უკეთესობისკენ არა, უარესობისკენ!
დღეს ყველაფერი ბევრად ცუდადაა ვიდრე ბოლო 15 წლის განმავლობაში ოდესმე ყოფილა. კოვიდმა და ხელისუფლების გაუაზრებელმა და პოპულისტურმა რეგულაციებმა ეკონომიკა განადგურების პირას მიიყვანა. უმუშევრობა საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მათთვის ვისაც გაუმართლა და სამსახური შეინარჩუნა, უკიდურესად გაზრდილი ფასების პირობებში იგივე ხელფასით არსებობა თითქმის შეუძლებელი გახდა. ვითომ მდინარეებისა და ტყეების გამყიდველი ლიბერტარიანელი "ნაც-მთავრობა" ოცნების ვითომ სოციალისტურმა, ხალხის მთავრობამ ჩაანაცვლა, რომელიც თურმე ისე ყიდის მთას და მდელოს, რომ ამავე ხალხს არაფერს ეკითხება.
მეტიც, ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც გაჭირვებული მოსახლეობის დახმარებისა და გამდიდრების დაპირებით მოვიდა, საზოგადოებასთან სოციალური დიალოგის აუცილებლობის განცდა სრულად გაუქრა (ცალკე საკითხავია ოდესმე თუ ჰქონდა, ნუ თავის დროზე უფასო ფულის დაპირებას თუ ამ კომუნიკაციის ნაწილად არ მივიჩნევთ). როდესაც ადგილობრივი კაპიტალიზმის სიმბოლო ანტონ ობოლაშვილი გაფიცულებთან მთავარი მომლაპარაკებელი ხდება, ნათელია მთავრობის არაადეკვატურობის ხარისხი და ცხადია, რომ ამისთვის მმართველ პარტიაში შესაბამისი როლის თავზე ამღები პოლიტიკოსიც კი აღარ დარჩა. მეორეს მხრივ კი ყველა ფლანგის პოლიტიკური აქტორები, ყოველ შემთხვევაში პრეტენზიებით ქუჩაში გამოსული ამ ადამიანების თვალში, იმდენად დისკრედიტირებული არიან, რომ პროტესტის მონაწილეები მაქსიმალურად ცდილობენ ახლოსაც არ გაიკარონ - რაც იმის დასტურია, რომ ჩვენ პოლიტიკური კლასის კრიზისი და ლიდერების ვაკუუმი გვაქვს, რომელსაც ხელოვნურად ვერავინ შეავსებს. უსამართლობით გამოწვეულმა სოციალურმა საპროტესტო მუხტმა, შესაძლოა, შვას კიდეც ლიდერები, თუმცა მათ პოლიტიკურ ლიდერებად გადაქცევას წლები და შეიძლება ათწლეულიც დასჭირდეს.
საზოგადოების ნაწილი ალბათ ფიქრობს, რომ პრობლემა ბიზნესის გაუმაძღრობაში თუ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის კორუფციულ ინტერესებშია და ყველაფერი ადვილად მოგვარდება, როცა გაფიცულებისა და დემონსტრანტების მოთხოვნებს უპირობოდ გაითვალისწინებენ. თუმცა, ერთი წუთით დავუშვათ, რომ ხელისუფლების ზეწოლის შედეგად კომპანიებმა გაფიცულებს ხელფასები და კომპენსაცია გაუორმაგონ, ნამახვანჰესი აღარ ააშენონ; ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მოხსნან და ა.შ. პრობლემა ამით გადაწყდება? - არა. დღეს გაზრდილი ხელფასი ხვალ ისევ არასაკმარისი იქნება; ნამახვანის ნაცვლად ხელისუფლება სხვა ხეობას გაყიდის ისე, რომ ადგილობრივებს არაფერს კითხავს; სხვა რომელიმე უნივერსიტეტს დაუნიშნავენ 3 თუ 5 გზის ნასამართლებ რექტორს… ჩვენ კი დაუსრულებელ წრეზე გავაგრძელებთ ტრიალს.
როდესაც საყდრისს გიფეთქებენ; ქალაქების საჯარო სივრცეებს, ხეობებსა თუ საძოვრებს ისაკუთრებენ; ქვეყანაში მასიური უმუშევრობა სუფევს, დასაქმებულებს კი მიზერულ ხელფასზე ამუშავებენ; წამლების, სურსათისა თუ ნავთობ პროდუქტების ფასებს ოლიგოპოლიური კარტელები განსაზღვრავენ - ამ ყველაფერს ერთი მთავარი მიზეზი აქვს, რასაც ოლიგარქის და მისი ქვე-ოლიგარქების კაპიტალის შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქვია. თუ მართლა პრობლემის გადაწყვეტა გვინდა, ამოცანა ამ ძალაუფლების შეზღუდვა და დაბალანსება უნდა იყოს. და თუ დღეს მიმდინარე გაფიცვები თუ გამოსვლები ერთ დიდ პროტესტად არ გადაიქცა და მთავარი სამიზნის წინააღმდეგ არ გაერთიანდა, თუ მასში პოლიტიკური მოთამაშეები არ ჩაერთვნენ, თავად პროცესმა კი პოლიტიკური განზომილება არ მიიღო, მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ გაფიცული, დაჩაგრული და პირამოკერილი დარჩება.
როგორც ვლადიმერ ილიას ძე ლენინი ამბობდა, ცვლილებისთვის ნაყოფიერი ნიადაგი დგება მაშინ "როდესაც ზედა ფენებს აღარ შეუძლიათ ძველებურად მართვა, ხოლო ქვედა ფენებს აღარ სურთ ძველებურად ცხოვრება". დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს აღარ სურს ძველებურად ცხოვრება, თუმცა ოლიგარქი კვლავ ახერხებს ძველებურად მართვას, რაშიც მისთვის ხელის შეშლა მხოლოდ სახალხო პროტესტისა და ოპოზიციური სპექტრის ერთიანი ფრონტითაა შესაძლებელი, რამაც ხელისუფლებით უკმაყოფილი ელექტორატის გაერთიანება და არჩევნების შედეგად ძალაუფლების ახალი ბალანსი უნდა მოიტანოს. ბალანსი, რომელიც თავის მხრივ იქცევა სოციალური დიალოგისა და სოციალური მშვიდობის წინაპირობად.