logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: კუმულაციური ეფექტი

17 ოქტ 202120:06
3 წუთის საკითხავი
clock 3220

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ისევ იქ მივედით, საიდანაც დავიწყეთ. ისევ ორი პოლუსი, მიშა და ბიძინა; გადავსებული თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი; თავების მთვლელი და ძალაუფლების წყურვილით დაბრმავებული ხელისუფლება; დავბრუნდით 2012-ში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლა მიშა ოპოზიციაშია, ციხეშია და შიმშილობს. ბიძინა კი სახლშია, თუმცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მას ემორჩილება.

მიშას საქართველოში ჩამოსვლამ, ციხეში მშვიდად ჩაჯდომამ და თავგანწირულმა აქტმა, რაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებაში გამოიხატა, პოლიტიკური პროცესი მკვდარი წერტილიდან დაძრა. საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობამ და მათმა შემართებამ სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს ახალი სიცოცხლე შესძინა, ოცნების ბევრ მხარდამჭერს კი 2012 წლის გრანდიოზული საპროტესტო აქცია გაახსენა, როდესაც მაშინ თავად გადალახეს შიში და დაიჯერეს, რომ ნაცმოძრაობის ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელი იყო. ამ ორ ფაქტორს ერთად, ნამდვილად ექნება კუმულაციური ეფექტი. ხვალ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ირწმუნებს ცვლილების შესაძლებლობას, რაც ადრე თუ გვიან გარდაუვლად აისახება საარჩევნო არითმეტიკაზე. მეტიც, შეზღუდული დროისა და სივრცის პირობებში მიშას წამგებიანი სვლა აღარ აქვს და აღარც დასაკარგი აქვს რამე. ის ყველაფერს, საკუთარი სიცოცხლის ჩათვლით შემოვიდა პოლიტიკის სათამაშო მაგიდაზე და მიუხედავად იმისა, რომ მისი სხეული სუსტდება, ეს მას როგორც პოლიტიკოსს კიდევ უფრო აძლიერებს და მორალურადაც და პოლიტიკურადაც ივანიშვილზე ბევრად მაღლა აყენებს. ივანიშვილსა და ოცნებას კი, მიუხედავად ხელისუფლებაში ყოფნისა და რესურსების სიჭარბისა, ფაქტობრივად მომგებიანი პოლიტიკური სვლა აღარ დარჩათ.

ბიძინას, საქართველოს მოქალაქეებისთვის შესათავაზებელი აღარაფერი აქვს, საკუთარ სიცოცხლეს კი სააკაშვილის მსგავსად ის ვერ ჩამოვა პოლიტიკის სათამაშო მაგიდაზე, რადგან ამ ორ ლიდერს შორის ფუნდამენტური სხვაობაა: მიშა პოლიტიკური ცხოველია. მისთვის პოლიტიკური პროცესი და საკუთარი ისტორიული მისიის შეგრძნება ყველაფერია და სიცოცხლეზე არანაკლებ ძვირფასი და მნიშვნელოვანი. ხოლო ივანიშვილისთვის მისი კომფორტი და სიცოცხლეა უპირატესი ყველაფერ დანარჩენზე. რეალურად ბიძინას საკუთარი ჯანმრთელობითა და სიცოცხლით პოლიტიკური ცვლილებისთვის არც არასდროს გაურისკავს. ის ყოველთვის ფეხქვეშ ეგებოდა პუტინს და სააკაშვილსაც, როდესაც ის ძალაუფლების ზენიტში იყო და მხოლოდ მაშინ დაუპირისპირდა, კარგა ხანს მის საამაყო ვარდების ხელისუფლებას, რაც რუსეთთან ომის, ოპოზიციასთან და ბადრი პატარკაციშვილთან დაპირისპირების, ბევრი დაშვებული შეცდომის და შიდაფრაქციული წინააღმდეგობების შედეგად სააკაშვილი მნიშვნელოვნად დასუსტდა, ხალხსაც სიახლის სურვილი მოეძალა და დასავლეთიდან წამოსული სიგნალებიც ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი ცვლილების მოლოდინზე ამეტყველდა.

ხელისუფლებაში მოსვლიდან ბიძინამ მალევე დატოვა საჯარო პოლიტიკა, მიზანმიმართულად გაანადგურა ისედაც სუსტი პოლიტიკური კლასი, მთავრობა კი, რომელიც თითქმის სრულად ქართუს ყოფილი თანამშრომლებით დააკომპლექტა, მისი კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოარგო. ამიტომ, ერთი წამით, თეორიულად რომ დავუშვათ ციხეში დამდგარი ფატალური შედეგი, ეს მიშასთვის პოლიტიკური თვალსაზრისით სრული კათარზისი და უმაღლესი მწვერვალი იქნება, რადგან ის გმირად და ლეგენდად დარჩება ისტორიაში. ივანიშვილისთვის კი უმძიმესი მარცხი, რაც მხოლოდ კომფორტსა და ძალაუფლებას კი არ დააკარგვინებს, არამედ მისი თავისუფლება და შესაძლოა სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ დააყენოს. ერთადერთი სვლა, რამაც ივანიშვილი და ოცნება შეიძლება მართლა იხსნას გარდაუვალი მარცხისგან და გარკვეული დროით ძალაუფლებაც შეუნარჩუნოს, პოლიტიკურ სცენაზე მისი ღიად გამოსვლაა. თუ ბიძინა კვლავ ჩაუდგება პარტიას სათავეში, საჯარო პოლიტიკაში ღიად ჩაერთვება და მეტ-ნაკლებად სამართლიან არჩევნებში სააკაშვილის დამარცხებას მოახერხებს, მაშინ ის კვლავ დაიბრუნებს ლეგიტიმაციას. თუმცა, შედეგი გარანტირებული სულაც არ არის. პოლიტიკაში უკვე მერამდენედ დაბრუნება კი სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს და მისი ისედაც გაუფასურებული სიტყვის სრულ ინფლაციას გამოიწვევს.

ამასთან, საჯაროობა ნიშნავს რიგით, მათ შორის უკვე საკმაოდ იმედგაცრუებულ და ეპიდემიის კატასტროფულად ცუდი მართვითა თუ ბევრი სხვა პრობლემით გატანჯულ მოქალაქეებთან პირდაპირ შეხებას, მედიასთან კონტაქტს, უმძიმეს კითხვებზე იძულებით პასუხს, ვაშინგტონთან და ბრიუსელთან პირდაპირ პასუხისმგებლობას ოცნების ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკასა, თუ ნაბიჯებზე და რაც მთავარია იმავე მიშასთან, ან თუნდაც უძღები შვილობის კანდიდატ გახარიასთან ღია დებატებს, რაც ბიძინასთვის სრული კოშმარი იქნება და მისთვის ყველაზე ძვირფასს, კომფორტის ზონას, მილიარდერს, სამუდამოდ დაურღვევს. სხვა შემთხვევაში შედეგად ნაცმოძრაობის კი არა, როგორც ამას ოცნების ლიდერები ამტკიცებენ, თავად მმართველი პარტიის მინავლებას მივიღებთ. და ამ ტენდენციის დინამიკას ვერ შეაჩერებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკმაოდ ეფექტურად გამოყენებული მეთოდები: მათ შორის ბევრი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზის გამო მიხეილ სააკაშვილისადმი ყველაზე რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წინა პლანზე გამოყვანა. 14 ოქტომბრის აქციაზე გამოსული ადამიანების მხოლოდ ნაწილი იყო მიშას მხარდამჭერი, თუმცა უკლებლივ ყველა ბიძინას მოწინააღმდეგე, მათი რაოდენობა კი მუდმივად იზრდება. და როდესაც ოცნებაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები მხოლოდ ერთი პირია, მის გარშემო კი პოლიტიკური კარიკატურების მთელი არმია, ნაცადი თუ ახალი ტრიუკები საქმეს უკვე ვეღარ უშველის.


close დახურვა