logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED პომპეოს ვიზიტის შესახებ

18 ნოე 202021:06
3 წუთის საკითხავი
clock 1650
2020/11/18/2rv55ic01vr88u0.jpg

სანამ პომპეოს და ამერიკას ჩვენი ქვეყნის ტრადიციული და ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობას გადავუხდი, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს წინაპრებს იმისთვის, რომ ამ ადგილას დასახლდნენ და შემდეგ ჭკუით, თავგანწირვითა და მახვილით შეგვინარჩუნეს სახელმწიფო ევროპაში, აზიის გზაგასაყართან, იქ, სადაც ბევრი მცირე თუ დიდი სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ინტერესი იკვეთება და სწორედ ეს განაპირობებს ამერიკის სტრატეგიულ და გრძელვადიან ინტერესს საქართველოს მიმართ.

ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სამხედროებს, რომლებმაც  პროფესიონალიზმისა და გმირობის არაერთი გასაოცარი მაგალითი აჩვენეს და დღესაც ამერიკელი და ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოების მეომრების მხარდამხარ ებრძვიან ტერორიზმსა თუ სხვა საფრთხეებს.

ამ ორ სვეტზე დგას დღეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა და რომ არა მათი ფაქტორი, ვაშინგტონისა და თბილისის უერთიერთობა სულ სხვა, ბევრად დაბალ ნიშნულზე იქნებოდა. რადგან, რითიც მართლა უნდა ვამაყობდეთ და ვაწონებდეთ თავს მთელს ცივილიზებულ დასავლეთს: რეგიონისთვის უჩვეულო დემოკრატიით, სამართლიანი არჩევნებით,  კანონის უზენაესობით, ადამიანის უფლებების მდგომარეობით, დამოუკიდებელი სასამართლოთი, თუ კიდევ სხვა მრავალი შემდგარი ინსტიტუტით,  ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ დაიშურა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩაფლავებულიყო და მხოლოდ წინაპრებისა თუ მამაცი ჯარისკაცების იმედად დავრჩენილიყავით. "რეგიონის დემოკრატიის შუქურა" კი, როგორც ერთხელ უწოდა კიდეც პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოს, დღეს უკვე საცოდავადღა ბჟუტავს.

ეს მბჟუტავი შუქურა ამჟამად დიდი გეოპოლიტიკური გადალაგების ცენტრში აღმოჩნდა, რეგიონში დატრიალებულმა ქარბორბალამ მისი ჩაქრობის საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა. და თუ ვინმეს არ აწყობს მსოფლიოს ამ კუთხეში დემოკრატიის დასამარება, რომელშიც სამი ათწლეულის განმავლობაში უზარმაზარი ინვესტიცია ჩაიდო, სწორედაც რომ ამერიკაა. პუტინი გავლენას იფართოვებს: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, მოსკოვს ჯარები სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ტერიტორიზე ჰყავს.

თუმცა, როგორც წინა კვირის დროებაში  ცნობილმა რუსმა მიმომხილველმა მაქსიმ შევჩენკომ განაცხადა, საქართველოს კონტროლის გარეშე კავკასიაში სრული დომინაცია წარმოუდგენელია. და მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამხედრო ძალები ჩვენს ტერიტორიაზე ოკუპანტის სტატუსით დგანან, ჯერჯერობით მოსკოვი საქართველოს სრულად ვერ აკონტროლებს.

ამიტომაც რჩება ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად ყველაფრისა, ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად და მთავარ მოკავშირედ რეგიონში და სწორედ ამითაა განპირობებული პომპეოს უეცარი ვიზიტი სწორედაც რომ თბილისში და არა სადმე სხვაგან.

გრძელვადიანი გეგმა კი დიდი ალბათობით ის არის, როგორც ამერიკის ყოფილი სპეც-წარმომადგენელი უკრაინაში კურტ უოლკერი ამბობს, რომ  რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის შესაკავებლად, ამერიკამ, საქართველოს სახით კავკასიური ვეფხვი გამოზარდოს, რომელიც იქნება ევროპის, ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთის დამაკავშირებული ფინანსური, ლოჯისტიკური და კიბერდერეფნის გზაჯვარედინი, დემოკრატიული, უსაფრთხო და დასავლეთისკენ მომზირალი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა ყოველთვის დაცულია.

საქართველოს რომ კავკასიის ვეფხვობამდე ბევრი უკლია და ეს ყველაფერი დამოუკიდებელი სასამართლოსა და სამართლიანი არჩევნების გარეშე რომ არ გამოვა - კარგად იციან ვაშინგტონში და ამასვე ადასტურებს ვიზიტის წინა დღეს ჩანიშნული შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან მართლმსაჯულების საკითხებზე და ლამის სულ ბოლო წუთზე თვითმფრინავიდან ჩამოსმული საკუთარი თანაშემწე იმისთვის, რომ პირადად შეხვედროდა და ოპოზიციის ლიდერებისგან მოესმინა არგუმენტები და კრიზისის განმუხტვის მათეული ხედვა.

პომპეოს მთავარი გზავნილი კი, რომელიც, დიდი ალბათობით, კულისებს მიღმა გაჟღერდა და რომლის ამოკითხვაც ადვილად შეიძლება სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებულ ბრიფინგში, ისაა, რომ  ვაშინგტონი ყველაფერს კარგად ხედავს და ისიც  რომ  "რეგიონის დემოკრატიის მბჟუტავი შუქურის" გადასარჩენად, რომელიც დღეს მართლა ქარიშხალშია მოხვედრილი, ამერიკა დახმარებისთვის მზადაა. თუმცა აქ მთავარი როლი  საქართველოს ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ ერთად უნდა შეასრულოს და კომპრომისის საფუძველზე მივიდეს უკეთეს არჩევნებამდე და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებამდე.

რამდენად გაიაზრებს და გაითვალისწინებს ქართული ოპოზიცია ვაშინგტონის ამ გზავნილებს, რთული სათქმელია, რადგან მათი მხრიდან თავიდანვე გამოთქმული უკიდურესად ხისტი პოზიცია პარლამენტში არშესვლასთან მიმართებით, მართლაც რომ ძნელად გადასახედი იქნება მხარდამჭერთა არმიაში მათ მიერვე ჩამოყალიბებული კატეგორიული მოლოდინების გამო. თუმცა, ოცნებამ რომ უკვე მცდარი დასკვნები გამოიტანა, ეს უკვე ნათელია: ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან პოლიტიკური კონსენსუსისკენ ნაბიჯი გადაედგა, პომპეოს თვითმფრინავის კვალი თბილისის ცაზე ჯერ არ გამქრალიყო და მისი თანაშემწე, ფილიპ რიკერი ჯერ კიდევ ოპოზიციის ლიდერებს ხვდებოდა, ოცნების გამორჩეულმა სახემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ ოპონენტებს უხეშად დასცინა,  რუსული საქმის შემსრულებლები ეძახა და ვაშინგტონის მოწოდებები და კრიტიკა ოპოზიციის დატუქსვად წარმოაჩინა.

ალბათ ბევრი ქართული ოცნების მხარდამჭერიც დამეთანხმება, რომ ოცნების სპიკერის მიერ შეფასება-მოწოდებების ასეთი ინტერპრეტაცია თავად ჩვენს ამერიკელ სტუმრებს დიდად არ ესიამოვნებათ, რადგან ოპოზიციასთან სალაპარაკოდ და კომპრომისის მისაღწევად, მათ მიერ ივანიშვილის მთავრობისთვის აწეული ,,სატოპკე” ბურთი, კობახიძის თაურით კვლავ ოცნებისავე კარში აღმოჩნდა.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია ვიმარჩიელოთ, ეს განცხადება კობახიძის "თვითშემოქმედების" შედეგია თუ თავად ივანიშვილის პოლიტიკური სიხისტის მორიგი გამოვლინება, რომლის ფორმულაა - ან ყველაფერი, ან ყველაფერი?!


close დახურვა