logo
ENG



გიორგი თარგამაძის Op-Ed: გაუმარ-ჯოს! ჯოს! გაუმარ-ჯოს!

20 იან 202121:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/20/imu5t8a09a47xu0.jpg

ეს იმ ჯოს გაუმარჯოს, რომელმაც 79 წლის ასაკში პრეზიდენტი ტრამპი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი გახდა და ამ წუთებში მისი ინაუგურაციის ცერემონიას მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. მაშინ, როდესაც ყველა ჯოს მოლოდინშია, საინტერესოა დავფიქრდეთ, როგორი იქნება ბაიდენის პრეზიდენტობა ამერიკისთვის, ჩვენთვის - როგორც სტრატეგიული პარტნიორისთვის და ზოგადად სამყაროსთვის.

ტრამპის ბავშვივით გაჯიუტებამ, არ აღიაროს წაგება და დაარღვიოს ამერიკის ორსაუკუნოვანი ტრადიცია, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული გამაჯვებულს ულოცავს და თეთრ სახლში მასპინძლობს, ამერიკულ დემოკრატიას სერიოზული დარტყმა მიაყენა. მართალია ინსტიტუტებმა გაუძლეს ამ რყევას და პრეზიდენტის მხრიდან ზეწოლას, მაგრამ დღეს, ამერიკული საზოგადოება ისეა გახლეჩილი, როგორც არასდროს. ამიტომაც, ბაიდენის დღის წესრიგის პირველი და უმთავრესი ამოცანა სწორედაც რომ ამერიკული საზოგადოების გამთლიანება და დემოკრატიის კვლავ კონსოლიდაცია იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ დემოკრატია მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგშიც პრიორიტეტი გახდება და შტატებიცა და სხვა პარტნიორებიც ჩვენნაირი, ახალი დემოკრატიის ქვეყნებთან მიმართებაში უფრო მკაცრები და მომთხოვნები გახდებიან.

განსაკუთრებულად რთული პერიოდი დგება ტრამპის მსგავსი მოოლიგარქო პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსა და ძალაუფლების მიტაცების ან მისი მცდელობის გამო, დღეს უკვე დემოკრატიის მთავარ საფრთხედ მიიჩნევიან. გამონაკლისი ალბათ არც ჩვენი, ადგილობრივი ოლიგარქი იქნება. თუ ვინმემ იცის მწარე სიმართლე ვლადიმირ პუტინის ნამდვილი სახისა და კრემლის პოლიტიკური განზრახვების შესახებ ეს თავად ბაიდენია, რომელიც რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ერთ-ერთი თანაავტორი იყო. ამიტომაც, პირველ რიგში მას მოუწევს მოსკოვთან მიმართებაში ვიცე-პრიზიდენტობისას დაშვებული შეცდომების თვალის გასწორება და აღიარება იმისა, რომ გადატვირთვის პოლიტიკის შედეგად მსოფლიომ უკეთესი რუსეთის ნაცვლად ბევრად აგრესიული და გათავხედებული პუტინი მიიღო, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ ყირიმი მიითვისა, დასავლეთ უკრაინა დაუსრულებელი ომის ცეცხლში გახვია, არასასურველ პირებზე ნადირობა კი მთელი ევროკავშირის მასშტაბით გამოაცხადა. ეს კი მიგვანიშნებს, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა მოსკოვთან მიმართებაში ბევრად მკაცრი, ხისტი და პრაგმატული იქნება.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაიდენი ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ოდესმე საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსულა. ისტორიული მიმართვა, რომელიც მან 2009 წელს ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში წარმოთქვა, რეალურად საქართველოს განვითარების საგზაო რუკად იქცა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში სტრატეგიულ მოთმინებაზე, დემოკრატიისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარებაზე, ინკლუზიურ პოლიტიკასა და ეკონომიკურ წინსვლაზე გადიოდა. სწორედ ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი 2012 წელს საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში, როდესაც ვაშინგტონმა ცხადად დაინახა, რომ სააკაშვილს, მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენით, შესაძლოა, ქართული დემოკრატიისთვის მძიმე დარტყმა მიეყენებინა. თუმცა, ხელისუფლებაში მოსული ივანიშვილის ხელში სტრატეგიული მოთმინება - რუსეთთან სტრატეგიულ კაპიტულაციად, ეკონომიკური წინსვლა - ყველა მნიშვნელოვანი პროექტის გაჩერებად, დემოკრატიის და ინსტიტუტების განვითარება კი სახელმწიფოს მიტაცებად იქცა, რაზეც ამჯერად უკვე ბაიდენის ადმინისტრაცია ვეღარ და აღარ დახუჭავს თვალს.

მოკლედ, ამერიკა სისტემურ პოლიტიკას უბრუნდება. სიურპრიზები დიდი ალბათობით აღარ იქნება. ტრამპის არაპროგნოზირებადობა წარსულს ჩაბარდება, ვაშინგტონი კი კვლავ დაიბრუნებს მსოფლიო პოლიტიკის წარმმართველის, დემოკრატიისთვის მებრძოლისა და მისი მთავარი ექსპორტიორის როლს, რაც საქართველოსთვის სასერფინგე ტალღისა და ზურგის ქარის ფუნქციას შეასრულებს. თუმცა, ჯოს მოლოდინი გოდოს მოლოდინად არ უნდა გვექცეს, რადგან ჯო არც მესიაა, ვერც ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს და ვერც ჩვენს ნაცვლად იბრძოლებს. ამიტომ ჯოს გაუმარ-ჯოს, ჯოს, ჯოს, ჯოს ძახილის ნაცვლად, ხელები უნდა დავიკაპიწოთ, ზურგის ქარი გამოვიყენოთ და საქმეს შევუდგეთ. ჯოს კი გაუმარჯოს!


close დახურვა