logo
ENG



გიორგი თარგამაძის Op-Ed: მოკლედ, სახელმწიფო წაგვართვეს...

27 იან 202121:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/27/orprtle5gs6vv3h.jpg

არაერთხელ მოგვატყუეს, არჩევნები გაგვიყალბეს, სახელმწიფო მიიტაცეს, სახლში გამოგვკეტეს, ბიზნესები გააკოტრეს, ასობით ათასი ადამიანი უმუშევარი დატოვეს,  ბევრად მეტი შიშილის ზღვრამდე მიიყვანეს, თავად - ვალად აღებული მილიარდები ფლანგეს, მათი გადახდა კი ჩვენს შვილებს დააკისრეს. მოკლედ, სახელწმიფო წაგვართვეს, აი, მომავალიც წაგვართვეს, ან მინიმუმ გვართმევენ. ჩვენი ხმა... არჩევნების სადავო შედეგებითაც კი გასაგებად გაისმა, მაგრამ მისი ექო მალე მიიკარგა..

ოპოზიცია სტრატეგიული მონახაზის ფარგლებში პარლამენტში შესვლა-არშესვლის დღის წესრიგით ცხოვრობს. პოლიტიკოსების ნაწილი, აქტივისტები, მცირე მეწარმეები, უმუშევრად დარჩენილები, მშივრები და ნაკლებად მშივრები,  კანტი-კუნტად, სეგმენტურად აპროტესტებენ და არღვევენ პოსტ საახალწლო შტილს. კანცელარიის წინ ათობით, შეიძლება ასობით ადამიანიც შეიკრიბა რათა ოცნების ხელისუფლებისთვის ხმა მიეწვდინათ და ეთქვათ რომ SOS: ასე ცხოვრება არათუ აღარ - ვეღარ შეუძლიათ. ისინი ვალებში იხრჩობიან, მათ შვილებს შიათ, კარგავენ იმას, რაც წლები სხვების, მითუმეტეს სახელმწიფოს დაუხმარებლად ააშენეს... თუმცა ხმა იმდენად სუსტი იყო, რომ ხელისუფლებისგან მხოლოდ ფორმალური რეაქცია, ერთ-ერთი მღვდელმთავრისგან კი დაცინვა მიიღეს.

როდესაც ყველაფერი ასე ცუდადაა და როდესაც ყველაზე ძვირფასს - მომავალს გართმევენ, ისმის კითხვა: რატომ არ გამოდის უკმაყოფილო ადამიანი ქუჩაში, რატომ არ იბრძვის ყველა საშუალებით ან რატომ არ ჯერა, რომ ის აქტიური პროტესტით მთავრობას დათმობას, გაჯიუტების შემთხვევაში კი, ხელისუფლებიდან წასვლას აიძულებს? ჩვენ ხომ ის ქვეყანა და საზოგადოება ვართ, რომელმაც ხელისუფლებიდან “ვარდების რევოლუციით” ედუარდ შევარდნაძე, ხოლო “ცოცხების რევოლუციით” მიხეილ სააკაშვილი გაისტუმრა?

სტატისტიკა გვეუბნება, რომ კოვიდრეგულაციების შედეგად 150 000-ზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩა. ყოველი მეათეც კი რომ ქუჩაში გამოსულიყო, 15 ათასიან მასას მივიღებდით, რომელიც კანცელარიის კი არა, პარლამენტის წინა ტერიტორიას გადაავსებდა და ხელისუფლებას არაერთ დათმობაზე წასვლას აიძულებდა. 

ეს მხოლოდ დაშვებაა, რეალობა კი ისაა, რომ ეს ადამიანები არა ქუჩაში, არამედ სახლებში არიან. მათი პასიურობა, მათ შორის პანდემიური დაუცველობით გამოწვეული, ხელისუფლებას თავხედობისკენ უბიძგებს, მოსახლეობას კი უძლურებისა და ნიჰილიზმის გრძნობას უძლიერებს.

სიღატაკემდე მისული და ყველაფრის ამტანი სტატისტიკური ქართველი, რომელიც სახლში ზის და რომელსაც, როგორც ჩანს, დასაკარგი ჯერ კიდევ აქვს, ტელევიზორში ხედავს, როგორ აპროტესტებს ფრანგი თუ გერმანელი 5 ევროცენტით ბენზინის გაძვირებას ან 1 პროცენტით გადასახადების მატებას. იმასაც ხედავს, რომ მასზე ბევრად მდიდარი ათასობით დემონსტრანტი მზადაა ქუჩაში თვეობით იდგეს და უკიდურესად აგრესიული საშუალებების გამოყენებასაც არ მოერიდოს, იმისთვის, რომ საქართველოზე ასჯერ უკეთეს ხელსუფლებას უკან დაახევინოს. უყურებს ამას, უკვირს და შეიძლება სიამაყის გრძნობაც კი უჩნდება იმის გამო, რომ, თითქოს, ქართველები როგორ უფრო ცივილიზებულებად გამოვიყურებით. 

იმას კი ვერ ხედავს, რომ ის ევროპელი თუ ამერიკელი, რომლისთვისაც შესაძლოა ის 5 ცენტი ან 1 პროცენტით გაზრდილი გადასახადი არაფერია, ამას თავისუფლების შეზღუდვად, მისი ჯიბიდან ამოღებულ ფულად და მის მიერ დაქირავებული ხელისუფლების თავნებობად აღიქვამს. ასევე იცის, რომ თუ ხელისუფლებას დღეს რამეს დაუთმობს, ხვალ მეტის, ზეგ კიდევ უფრო მეტის  დათმობა მოუწევს. ამიტომ ის სისხლის პირველი წვეთის - ანუ პრობლემის ნიშნების - დანახვიდან, სისხლის ბოლო წევეთამდე, ყველა შესაძლო საშუალებით იბრძვის და უმეტეს შემთხვევაში, შედეგსაც აღწევს. და როდესაც ხელისუფლებამ იცის, რომ საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანი საკუთარი უფლებების დასაცავად ყველაფერზე წამსვლელია, მას მოქალაქისადმი მორიდება და პატიცისცემა უჩნდება, რადგან კარგად იცის, რომ თუ პროტესტის მონაწილეების მყისიერ რისხვას როგორღაც გადაურჩა,  შემდეგ არჩევნებზე საზოგადოების უარყოფით ვერდიქტს ნამდვილად ვერ აცდება.

ჩვენ კი სანამ ხელისუფლება ყველაფერს არ წაგვართმევს, ყველა უფლებას არ შეგვიზღუდავს, ბოლო წერტილამდე არ მიგვიყვანს, რომლის იქითაც  დასაკარგი აღარაფერი და მხოლოდ “ცოცხებია”, მანამდე თმენისა და თვითგვემის ღრმა ძილში ვართ, ამასობაში კი, ხელისუფლებაში მყოფი კიდევ უფრო ძლიერდება, თავხედდება და ქუჩაში გამოსული ადამიანის ნაკლებად ეშინია, მითუმეტეს იმის, ვინც ბრძოლას გადაეჩვია და მისი პროტესტი მხოლოდ თხოვნით შემოიფარგლება.

"ეჰ, ეგ იმიტომ ხდება ოპოზიცია არ გვივარგაო", იტყვის ბევრი, რაშიც შეიძლება იყოს კიდეც სიმართლის მარცვალი. თუმცა ეგ ამბავი უფრო პირიქითაა: იქ, სადაც ხალხმა საკუთარი უფლებებისთვის უკომპრომისოდ ბრძოლა იცის და შეუძლია, ხელისუფლებაც უკეთესია და ოპოზიციაც.


close დახურვა