logo
ENG



მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში სანდუ ლიდერობს - დათვლილია ხმების 92%-ზე მეტი

04 ნოე 202401:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/04/panuv6un0vqqqtl.png

წინასწარი შედეგებით, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუ ლიდერობს. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 92%-ზე მეტი.

სანდუს ამ დროისთვის 50.09% აქვს, პრორუს ალექსანდრე სტოიანოგლოს კი 49.91%.

დასათვლელია საზღვარგარეთის და დედაქალაქ კიშინაუს უბნების ნაწილი.

არჩევნების პირველი ტური ორი კვირის წინ ჩატარდა და სანდუმ ხმების 42.4% მიიღო, თუმცა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50% ვერ მოიპოვა.

გარდა ამისა, მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმიც, რომელშიც პროევროპულმა პოზიციამ გაიმარჯვა - 50.46%-მა მხარი დაუჭირა ევროინტეგრაციის კურსის კონსტიტუციაში გამყარებას, 49.54% კი წინააღმდეგი იყო.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, სანდუ რუსეთის მიერ არჩევნებში აქტიურ ჩარევაზე დიდი ხანია საუბრობს. 

მოლდოვის პოლიციამ და პროკურატურამ ამომრჩეველთა მოსყიდვისა და პარტიების უკანონო დაფინანსების საქმის გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე პირი დააკავა. მასშტაბური ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო რუსულ ორგანიზაცია ევრაზიასთან არსებული კონტაქტები, სოლიდური თანხები და ეჭვმიტანილების სმარტფონები რუსული აპლიკაციით, რომლის მეშვეობითაც სქემის მონაწილეებს ფული ერიცხებოდათ.

მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, ოქტომბერში, არჩევნებსა და რეფერენდუმში ამომრჩევლების მოსასყიდად რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაირიცხა.

მოლდოვის პრემიერის, დორინ რეჩანის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და ცნობილ ადამიანებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებობდნენ.


close დახურვა