logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: არც ჩაყოლა, არც ჩათრევა...

20 აპრ 202222:11
3 წუთის საკითხავი
 

ჩვენს ქვეყანაში არის ადამიანების რაღაც კატეგორია, რომელიც კრემლის ჩვეულებრივი აგენტია ან ისეთი ვალდებულებითი ბმა აქვს მოსკოვთან, რომ მათთან საუბარს აზრიც არ აქვს. ისინი დიდი ხანია ფსკერისკენ მიმავალი ხომალდის მიერ "ჩათრეულების" კატეგორიაში არიან. თუმცა ეს კატეგორია, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საზოგადოებისა, რომელსაც პუტინის რუსეთისადმი სიმპათიები თუ არა, წინააღმდეგობის მიმართ სრული სკეფსისი ჩამოუყალიბდა და ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ საქართველოს მომავალი - უსაფრთხოების, ეკონომიკური თუ რელიგიურ-კულტურული თვალსაზრისთ რუსეთს უნდა უკავშირდებოდეს. მოდით ასეთებს "ჩაყოლილები" ვუწოდოთ. მათი განწყობა ძირითადად 3 მნიშვნელოვან და ანგარიშგასაწევ არგუმენტს ეყრდნობოდა, რომლებსაც უკრაინის ომმა არათუ წყალი შეუყენა, არამედ პირდაპირი გაგებით ბოლომდე დაძირა.

მათგან პირველი ნამდვილად იყო პუტინის რუსეთის უძლეველობის მითი, მსოფლიო ხულიგანი, რომლის ძალაც აღმართს ხნავს და შემჩერებელი არავინაა; მეორე: ეკონომიკური სარგებელი და რუსული ბაზრის მოჩვენებითი ხიბლი და მესამე: რელიგიური ილუზია, რომელშიც მესამე რომის ამბიციაზე დაშენებული "სვიტაია რუს-ის" კონცეფციის მიღმა, გულწრფელ მორწმუნეთა ერთი ნაწილი მართლმადიდებლური და ზოგადად კონსერვატორული ღირებულებების დაცვის შესაძლებლობას ხედავდა.

სწორედ ამ ადამიანებს ვთხოვ ყურადღებით მომისმინოს და ყოველგვარი გაღიზიანების, ბრალდებების, იარლიყების გარეშე გავიაზროთ, რატომ აღმოჩნდა სამივე ზემოთ დასახელებული არგუმენტი მართლაც ილუზია და დამსახურებულად იპოვა თავისი ადგილი იმ მისამართზე, სადაც კუნძულ ზმეინის დამცველებმა "მოსკვა" გაუშვეს.

მაშ ასე, პირველი: მოსკოვის სამხედრო უძლეველობის მითი უკრაინის ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე კვირაში დაიმსხვრა. რუსული შეიარაღებული ძალების ტექნიკური პოტენციალი იმდენად ჩამორჩენილი და საბჭოთა დროინდელი აღმოჩნდა, რომ უკეთ ორგანიზებულ და მინიმალისტურად შეიარაღებულ უკრაინის ჯართან კონფრონტაციაც კი მათთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. მამაცმა უკრაინელებმა კი, რომელთაც სერიოზული დასავლური შეიარაღება ჯერაც არ მიუღიათ, მოდიფიცირებული საბჭოთა იარაღით, პარტნიორების სადაზვერვო ინფორმაციით და რაც მთავარია საოცარი თავგანწირვით მდგრადი წინააღმდეგობა გაუწიეს იმპერიას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებაში უპირატესობის მიღწევას მილიტარისტული შანტაჟით და საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების უხეში დემონსტრირებით ცდილობდა.

2. სამხედრო პოტენციალის არ იყოს, რუსული ეკონომიკაც არანაკლებ შავ დღეშია. უკრაინის ომმა ნათლად გვაჩვენა, რომ ეს არის კორუფციის ჭაობში ღრმად ჩაფლული, ეკონომიკის განვითარების ყოველგვარ თანამედროვე მოდელსა და შესაძლებლობას მოკლებული უპერსპექტივო სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ იმის გამო აგრძელებს არსებობას, რომ სპეციფიკური მენტალიტეტის მოსახლეობა ჰყავს, რომელთა უმრავლესობაც მზადაა იშიმშილოს, უკიდურეს სიღარიბეში იცხოვროს და ხელისუფლების რეპრესიულ სისტემას დაემორჩილოს. დასავლური სანქციების მარწუხებში მოქცეული რუსული ეკონომიკა სულ უფრო მეტად იზოლირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხვალ თუ არა ზეგ, რუსეთი ირანის ბედს გაიზიარებს და იქცევა უკიდურესად ჩაკეტილ, არაპროგნოზირებად და სარისკო სივრცედ, რომელთან ეკონომიკური ურთიერთობებიც, ქართული ბიზნესის და მათ შორის ფერმერებისათვის, არათუ ყოველგვარ აზრსა და ეკონომიკურ სარგებელს იქნება მოკლებული, არამედ სხვა, სტაბილურ და მაღალანაზღაურებად ბაზრებზე შეღწევის ყველა შანსის მოსპობას ნიშნავს.

3. ომმა და უკრაინაში წითელი არმიის ოფიცრების და ჯარისკაცების წარმოუდგენელმა სისასტიკემ სრული სიცხადით გვაჩვენა რუსული სახელმწიფოს და საზოგადოების მორალური დეგრადაციის და უფრო უხეშადაც შეგვიძლია ვთქვათ - გახრწნილების მასშტაბი და სიღრმე. "კაგებეშნიკმა" პუტინმა, რომელსაც ქრისტიანულ ღირებულებებთან შეხება არც არასოდეს ქონია, სახელმწიფოსთან სრულად შეზრდილი მოსკოვის საპატრიარქოს მეშვეობით, მართლმადიდებლობის დამცველის მანტიის მორგებით, ნათლად აჩვენა, თუ რამდენად გამოფიტული და შინაარსისა თუ ღირებულებებისგან დაცლილი იდეოლოგიის მატარებელია რუსეთი, რომელიც მესამე რომის მისიაზე აცხადებდა პრეტენზიას, სინამდვილეში კი ანტიცივილიზაციის ბუნაგად და კაცობრიობის მომავლისთვის მხოლოდ საფრთხის მატარებელ კეთროვნად ჩამოყალიბდა.

პუტინისთვის რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, ეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ უკრაინაში. გარდა იმისა, რომ ის უკრაინელ ერს ერად არ აღიარებს და გენოციდს უწყობს, თავად რუსებიც არ მიაჩნია ადამიანებად. ეს მაგალითები დასტურია იმისა, რომ პუტინისთვის კონფესიურ ერთობას, ანუ ერთმორწმუნეობას არანაირი მნიშვნელობა აქვს. ტერორისტულ დაჯგუფებად გადაქცეული რუსული ჯარი ზუსტად ისეთივე დაუნდობლობითა და სისასტიკით ხოცავს მართლმადიდებელ უკრაინელებს, როგორც თავის დროზე უსწორდებოდა ქრისტიან ქართველებს, სირიისა თუ ჩეჩნეთის მაჰმადიან მოსახლეობას.

ასე რომ, არც მორალურ-რელიგიურ, არც ეკონომიკურ და არც მილიტარისტულ კომპონენტში რუსეთი ისეთი აღარასდროს იქნება, როგორც ჩვენთან ზოგიერთებს ეგონათ ან ჰგონიათ. ამიტომ, დღეს მოაზროვნე ადამიანს, თუნდაც შიშის, საფრთხის განცდის, ან ეკონომიკური თუ სოციალური არგუმენტების გამო, განსაკუთრებით კი პუტინის რუსეთის ანტიქრისტიანული, ანტიმართლმადიდებლური და ანტისაკაცობრიო ბუნების გათვალისწინებით, ობიექტურად არანაირი არგუმენტი ან მიზეზი აღარ დარჩა პუტინის რუსეთისადმი სიმპათიისა თუ რელიგიური ლოიალობის. ამაზე ნათელი და მკაფიო სურათი შეცდომაში მყოფი ადამიანების შეხედულებების რევიზიისთვის ბუნებაში არ არსებობს. და თუ ეს რევიზია არ ხდება, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ან რეალობის აღქმის და ლოგიკური აზროვნების მხრივ სრული ჩავარდნაა, ან იმ კატეგორიის ადამიანებზე ვსაუბრობთ, რომლებიც დასაწყისში ვახსენეთ და მოსკოვთან სპეციფიკური ვალდებულებებით არიან დაკავშირებული. ასეთებს ადრე თუ გვიან ქართული სახელმწიფო თავის ადგილს მიუჩენს. დანარჩენი კი - ჩვენი მოკავშირეა და მათთან ბევრი საუბარი გვმართებს. ამ ბრძოლაში ჩვენი ერთადერთი პარტნიორი კვლავაც ცივილიზებული დასავლეთია, რომლის იქითაც, გზა მხოლოდ ისტორიის ოკეანის ფსკერისკენ მიდის, იმ ფსკერისკენ საითკენაც რამდენიმე დღის წინ ფლაგმანი "მასკვა" დამსახურებულად გაამგზავრეს და საითაც დიდი სისწრაფით მიექანება მართლაც დამპალი და ტოქსიკური რუსული იმპერია, რომელსაც არც უნდა ჩავყვეთ და არც თავი ჩავათრევინოთ.


close დახურვა