logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: გა(უ)ნათლებ(ბლო)ბის პოლიტიკა

06 დეკ 202321:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/06/ngqxcbaq55t74dz.jpg

აუტსაიდერი მსოფლიოში, ევროპაში და ყოფილ საბჭოთა სივრცეშიც… PISA-ს განათლების 2022 წლის კვლევა ქართველებს საგანგაშო რეალობაზე კიდევ ერთხელ მიგვითითებს: სასკოლო განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში გაუარესებულია. წაკითხულის გააზრებაში საქართველო 81 ქვეყნიდან 67-ე, ხოლო მათემატიკაში მე-60 ადგილზეა. ჩამოვრჩებით მოლდოვას, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, მონღოლეთსა და ომში მყოფ უკრაინასაც, რომ არაფერი ვთქვათ ბალტიის სახელმწიფოებზე. რეგრესი თვალშისაცემი და განგრძობითია. ამ დისციპლინებში, 2022 წლის მონაცემები მკვეთრად ჩამოუვარდება 2018 წლისას, რომელიც, თავის მხრივ, ბევრად უარესია 2015 წელთან შედარებით.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2018 წელთან მიმართებაში რეგრესზე საუბარი, კოვიდ პანდემიის გამო, არარელევანტურია. მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მონაცემები სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც გაუარესდა, რის გამოც, ჩამორჩენის მთლიანად კოვიდზე გადაბრალება არასწორია. მეტიც, კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში მხოლოდ იმ ჯგუფების მონაცემები გაუმჯობესდა, რომელთაც ყველაზე მეტი დანაკარგები ჰქონდათ კოვიდის დროს და არ იყვნენ ჩართული ახალი სკოლის მოდელის პროგრამებში. გარდა ამისა, გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ კერძო, და შესაბამისად, უარესი - საჯარო სკოლების მოსწავლეებს.

2013 წლის შემდეგ განათლებაში თანხის რეკორდული რაოდენობა, დაახლოებით, 10 მილიარდი ლარი დაიხარჯა და ამ კვლევის შედეგები პირდაპირ გვეუბნება, რომ ყველა ის რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც განათლების სფეროში გადაიდგა, რბილად რომ ვთქვათ, უშედეგოა. ფაქტია, არ მოხდა მანკიერი, სკოლის მმართველობის საბჭოთა ტიპის სისტემის შეცვლა და მასწავლებლების შესაბამისად გადამზადება. ფული და ჩრდილოვან-რეპრესიული რესურსი კი, ძირითადად, იმისთვის მიემართება, რომ სკოლის დირექტორების, მასწავლებლების, სხვა თანამშრომლების სახით მმართველმა პარტიამ არჩევნებისთვის გარანტირებული ადმინისტრაციულ-ელექტორალური ბაზა მიიღოს. განათლების ხარისხი ნაკლებად პრიორიტეტულია, ხელისუფლებაში მყოფებს ურჩევნიათ, სკოლამ რაც შეიძლება მეტი კრიტიკული აზროვნების არმქონე ამომრჩეველი და ნაკლებად - მოქალაქე გაზარდოს, რომლებიც საარჩევნო მანიპულაციებს და პრიმიტიულ პროპაგანდას უფრო მარტივად დაექვემდებარებიან.

ამავე დროს, კვლევაში აშკარად ჩანს სოციალური უთანასწორობის გაღრმავების წინაპირობაც, რადგან შეძლებული ოჯახის შვილები ნაკლები შემოსავლების, ან სოციალურად დაუცველ ოჯახებთან შედარებით საგრძნობლად უპირატეს მდგომარეობაში არიან. ის, რომ რომელიმე მაღალმთიანი რეგიონის სოფლიდან მოსწავლე მაღალ ნიშანს იღებს ეროვნულ გამოცდებში - გამონაკლისია და არა ტენდენცია და არასწორ წარმოდგენას აყალიბებს: თითქოს, თუ ახალგაზრდას სწავლა უნდა, ამას ღარიბ და ყურადღებას მოკლებულ სოფელშიც კარგად მოახერხებს. სინამდვილეში, სტატისტიკა განსაზღვრავს ტენდენციას, რომელიც უკიდურესად სავალალოა და იმაზე მეტყველებს, რომ თუ საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს რეპეტიტორებზე, ან მათი შვილების კერძო სკოლებში გადაყვანაზე ხელი არ მიუწვდებათ, ისინი უმეტესად დაბალი შედეგებისთვის არიან განწირულნი, შესაბამისად, დაიჩაგრებიან ევროკავშირის მაღალკონკურენტულ უმაღლესი განათლებისა და შრომის ბაზარზე, სადაც მხოლოდ იაფი მუშახელის დონეს თუ დააკმაყოფილებენ.

და ბოლოს, კერძო სკოლებს რომ საგრძნობლად უკეთესი შედეგები აქვთ, და რეგიონის თუ სოფლის სკოლებს გაუარესების მაჩვენებელი, იმაზე მეტყველებს, რომ სადაც უფრო ღრმად შედგა ფეხი სახელმწიფომ და გარკვეული ცვლილებების განხორციელება დაიწყო, შედეგების მხრივ იქ გაცილებით უარესად გვაქვს საქმე. ხოლო იქ, სადაც სახელმწიფო ნაკლებად ერევა, ვითარება საგრძნობლად უკეთესია. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ რაც უფრო მეტად შემცირდება სკოლებში თავისუფლების ხარისხი, და რაც მეტად და უხეშად ჩაერევა ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში, ამ კომპეტენციითა და მიზნებით, მით უარესი შედეგი გვექნება, მიუხედავად იმისა, რამდენით გაიზრდება განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება.

სწორედ ამიტომ, ალბათ, დროა მეტი ადამიანი შეუერთდეს მოთხოვნებს და პროტესტს, რომლის ამოცანაც უკეთესი სკოლისა და განათლების სისტემის შექმნაა ჩვენი შვილებისთვის. დამეთანხმებით - ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ამისთვის კი, რამდენიმე პედაგოგის, თუ სკოლის დირექტორის თავგანწირვა და განათლების სამინისტროს წინ წვიმაში ღამის თევა საკმარისი ნამდვილად ვერ იქნება.

ქართული სკოლის პრობლემებზე ჩემს შესავალში "მოქალაქის" მცნება ხშირად ფიგურირებდა, რადგან თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მიზანი, სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოს მოაზროვნე მოქალაქის აღზრდაა. სიმბოლურია და აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ დღეს წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეა - აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში, ადამიანის გადასარჩენად მისი მსხვერპლშეწირვის დღე.

"მოქალაქეობა არის ბრძოლა თავის წრესთან, თავის თავთან. მოქალაქეობა მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას; მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიან თვალით საგნების დანახვას, წინდახედულობას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებულ ადამიანის, სხვის აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანის ძებნას და დაფასებას... მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. თვისი საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად".

მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე კი, თეოლოგ ბექა მინდიაშვილს რომ დავესესხოთ: ნამდვილად და უეჭველად ერთ-ერთი ქართველია, რომელზეც თამამად ითქმის, რომ ის ქრისტიანობის, ქართველი ერისა და ევროპის სინდისია. ჩვენ მისი მაგალითით უნდა ვუხსნიდეთ შვილებს, რა არის ქართველობა, ევროპელობა, მოქალაქეობა, რა არის ქრისტეს მღვდლისა და მეცნიერის, საბოლოო ჯამში კი - ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობა. დღეს წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეა!


close დახურვა