"მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე. რაღაც ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ მათ. მე ასე ვიტყოდი, რომ, რეალურად, ეს იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ქართველობა", - პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
"ჩვენ გვინდა ადამიანი იყოს ქართველი, რომელიც დაეფუძნება ქართულ იდენტობას, გაიზრდება პატრიოტულ საწყისებზე, ეროვნულ საწყისებზე, დააფასებს და ეცოდინება მისი კულტურა, ისტორია, შექმნის და გაიზრდება ოჯახის ფასეულობებზე და, ბუნებრივია, სხვა ეროვნულ მიზნებთან ერთად ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალურ ღირებულებებს დაეფუძნება", - განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი.
რაც მოვისმინეთ, ქართველობის წართმევასა და "დნმ-ის გადაკეთებაზე" - სადღეგრძელო არ გეგონოთ, ეს ზოგადი განათლების რეფორმის ოცნებისეული ხედვაა უკან! არა უბრალოდ ხმა წარსულიდან, არამედ წარსულში დაბრუნების აშკარა მცდელობა.
არაფერს ქვეყანა პროგრესისკენ ისე სწრაფად არ მიჰყავს, როგორც განათლებას და როდესაც შენი განათლების სისტემა წარსულისკენ გექაჩება, ძნელი მისახვედრი არ არის ისტორიის ჩარხი რა მიმართულებით დატრიალდება. რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და უფრო მკაცრად კი საგანგაშოა ზოგადი განათლების რეფორმის სამთავრობო ხედვის მთავარი გზავნილი, რომ სკოლამ რაღაც კონსპირაციული პროცესების საწინააღმდეგოდ "ქართველი" უნდა გაზარდოს.
მხოლოდ ორ რამეზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანზე შევჩერდეთ:
1. პირველი - ეს არის ფუნდამენტური მცდელობა, მომავალი თაობის არამარტო ცნობიერება, არამედ მისი მოქმედების წესი, მთლიანად დააბრუნონ იმ ტიპის ქართველობის გაგების პარადიგმაში, რის განსახიერებასაც ოცნების ლიდერები თავად წარმოადგენენ. ეს არის "ქართველი გრუზინის" სახე, რომელიც დიდ, გარე სისტემაზე მიბმული, ინდივიდუალობადაკარგული პარაზიტია და რომლისთვისაც გაცხადებული სიტყვა - საქმისგან ყოველთვის განსხვავდება. ამის მაგალითია საქართველოს დღევანდელი მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ დასავლეთისკენ მიისწრაფვის, თუმცა შინაარსობრივად ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებს; ამბობს, რომ დემოკრატია სურს, თუმცა კლასიკური ტიპის რუსულ ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს; ამბობს, რომ სამართლიანი და პატიოსანია, თუმცა მთელ მართლმსაჯულებას, სახელმწიფო ბიუროკრატიასა და მართვის სისტემა კორუფციულ სქემაზე აგებს; ამბობს, რომ მისი პრიორიტეტი თავისუფალი არჩევნებია, თუმცა ზუსტად იმ მასწავლებლებს, რომელთა წინაშეც პრეზენტაციას აწყობს, ყოვლად სამარცხვინო საარჩევნო მანიპულაციური მანქანის თავისუფლებადაკარგულ და ღირსებაშელახულ ჭანჭიკებად აქცევს.
2. მეორე და არანაკლებ პრობლემური ნაწილია მოსწავლის "ქართველად" აღზრდის მცდელობა ეთნოცენტრული გაგებით. საქართველოს დამფუძნებელი მამები, მოყოლებული ილია ჭავჭავაძიდან, სწორედ განათლების მეშვეობით აკეთებდნენ უზარმაზარ საქმეს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ეროვნულობის აღქმაში ეთნოცენტრული პრინციპიდან გამოვსულიყავით და გადავსულიყავით ერის ჩამოყალიბების, თანამედროვე სამყაროსთვის და მათ შორის თავად ქართველებისთვისაც არცთუ უცხო და მისაღებ ფორმასთან, რომელსაც სამოქალაქო ნაციონალიზმი ჰქვია. სადაც ეთნიკური ქართველები და ამ ქვეყანაში მცხოვრები სხვა ეთნიკური თუ კონფესიური უმცირესობები, ერთად ქმნიან თანამედროვე ქართველ ერს. ხოლო ის, თუ რა კონტექსტშიც იქნა წარმოდგენილი განათლების ოცნებისეული რეფორმა და მისი მთავარი პრინციპი - აღზარდოს "ქართველი", ძირშივე ეწინააღმდეგება ამ პარადიგმას.
ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ ხელისუფლების განზრახვა, არათუ წარსულში დაგვაბრუნონ, სამწუხაროდ, 11 წელია უკვე იქ ვართ, არამედ ბევრად უარესი: როგორ აღზარდონ მომავალი თაობა ისე, რომ "გრუზინი" ქართველის ჩარჩოებს ვერ გასცდეს და ეთნოცენტრული პროვინციალიზმის, საჭმლითა და ტაშ-ფანდურით სიამაყის მიღმა, საკუთარი განვითარების პერსპექტივა ვერ დაინახოს. ანუ, შედეგად უნდა მივიღოთ რუსული რეჟიმის საოცნებო ქართველი: ინფანტილური, ზედაპირული, უპასუხისმგებლო, უდისციპლინო, ადვილად მანიპულირებადი, პიროვნულობისა და ინდივიდუალიზმისგან სრულად დაცლილი, რუსული შავრაზმული პროპაგანდის მსხვერპლი პარაზიტი, გადაზელილი ღირებულებებით და სიტყვასა და საქმეს შორის შეუსაბამობით. აი, ისეთი, როგორიც ახლა ოცნებაა - "მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი შინ ძლიერი" ქართველი, "გრუზინი" .. ეს არის ის, რაც ერთნაირად სჭირდება და აწყობს დღეს ივანიშვილს და პუტინის რუსეთსაც.
ამ პომპეზურ პრეზენტაციაზე არაფერი თქმულა მთავარ საკითხზე: როგორ წყვეტენ მოშიმშილე ბავშვების პრობლემას! და რა ქართველობასა და ეროვნულობაზე, რის პატრიოტობასა და დნმ-ზეა ლაპარაკი, როცა მოსწავლეების უმრავლესობა შიმშილობს, ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ახალგაზრდებს კი კითხვა და ანგარიში უჭირთ.
ეროვნულ იდენტობას რაც შეეხება, წარსულის დიდებითა თუ ტრავმებით და იქ დაბრუნებითა და ჩაბუდებით მისი განსაზღვრა და განათლების სისტემის მასზე დამყარება არა მხოლოდ საბედისწერო შეცდომა - დიდი დანაშაულია. ჩვენი იდენტობის ძირითადი წყარო, წარსულთან ერთად და უფრო მეტად - მომავალი უნდა იყოს: არა ის, თუ ათასი წლის წინ ვინ ვიყავით, არამედ ხვალ ვინ ვიქნებით?! ამბიციური გეგმებითა და ხედვებით გამყარებული ეს ფორმულა, დასავლური ღირებულებების, თავისუფლებისკენ სწრაფვისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებასთან ერთად საფუძვლად უნდა დაედოს განათლების სისტემას, რომელიც ჩვენს შვილებს აქტიურ მოქალაქეებად და სახელმწიფოს თანაპატრონებად აქცევს და ევროპულ სივრცეში სამართლიანი და ღია კონკურენციისთვის მოამზადებს.
ვისაც საწინააღმდეგოს გჯერათ, ღმერთი მშვიდობასა და კეთილდღეობაში ვერ მოგახმართ ღარიბაშვილის რეფორმითა და მოშე კლუგჰაფტის ბანერებით დაბრუნებულ ქართველობას.
თქვენი შვილებისთვისაც უკეთესია, თუ მალე მიხვდებით, რომ ეს არის გზა ცუდი წარსულისკენ, თუ რამდენად ყალბია ოცნების იძულებითი ევროპელობა და რამდენად გულწრფელი მათი შიგთავსის, უფრო ზუსტად - გრუზინული "ნუტროს"- ამოძახილი დაკარგულ ქართველობასა, ანუ "გრუზინობაზე".