logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დამელაპარაკეთ!!!

20 ივლ 202222:05
3 წუთის საკითხავი
clock 1205

ფარსი, სახელად "დასავლეთის შანტაჟი" ახალ ფაზაში შედის. ბიძინა ყაველაშვილების პირით, საკუთარ სულს საჯარო სივრცეში იხმობს. რაღაც აქვს სათქმელი.. ან ქმნის მოლოდინს, რომ რაღაცას იტყვის..

"დადგა დრო, რომ კითხვები დავუსვათ ბიძინა ივანიშვილს!“- გვითხრა ბატონმა ყაველაშვილმა, რომელიც "ქვეყანასა და მზეზე დიდის და დიადის" შეკითხვა-დაკითხვის მოთხოვნას სიზმარშიც კი ვერ გაბედავდა, ეს თავად ივანიშვილის სურვილი და მეტიც, დაკვეთა რომ არ იყოს.

რისი თქმა უნდა ამით ოლიგარქს ან ვის გასაგონად აგზავნის სიგნალს?! სულ რამდენიმე ვერსიაა და მოდით ჩამოვთვალოთ:

ვერსია N1: იტყვის - "დეგნანს, არც ვაშინგტონის სხვა წარმომადგენელს, რაც პოლიტიკიდან გავედი, არ შევხვედრივარ. შესაბამისად, არც არანაირი ზეწოლა ჩემზე არ მომხდარა;“

ვერსია N2: "შევხვდი ამერიკის ელჩს. ვისაუბრეთ ჩემს დაფინანსებულ საქველმოქმედო პროექტებზე, განსაკუთრებით დეტალურად ადრონული თერაპიის ცენტრზე. ომში ჩართვაზე კრინტი არავის დაუძრავს და საერთოდაც, საიდან მოიტანა ეს ამბავი ყაველაშვილმა, კობახიძემ და ან კიდევ სხვამ?!“

ბუნებრივია, ამას ივანიშვილი არ იტყვის, რადგან ოცნების მთელ პროპაგანდისტულ ნარატივს ბოლომდე ჩამოშლის, ფარსის მთავარი როლების შემსრულებელ მსახიობებს კი საერთოდ უსცენოდ და უმუშევრად დატოვებს.

ვერსია N3: "ამერიკის ელჩთან მქონდა კომუნიკაცია და მან მართლაც მოგვთხოვა ომში ჩართვა". 

ეს, გარდა იმისა, რომ დიდი ტყუილია, საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი იქნება, პირდაპირი საჩუქარი რუსული დეზინფორმაციული მანქანისთვის, რომელიც გამალებით ამტკიცებს, რომ ომი ამერიკას უნდა. საქართველო კი ღიად მტრულ და კონფრონტაციულ პოზიციაში ჩაუდგება მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც ამ ქვეყნის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. ეს ჩვენი პარტნიორი ახლა ჩვენს მთავარ მტერს ებრძვის, ამ დროს კი საქართველოს ხელისუფლება მტრის მხარესაა.

ამ შემთხვევაში თუ კიდევ რამე აჩერებს ვაშინგტონს ივანიშვილის სანქცირებისგან, ეს მიზეზებიც ბოლომდე გაქრება და ქართველ მილიარდერს, 24 საათში, უკეთეს შემთხვევაში, გაამილიონერებენ, რაც ბუნებრივია, პირველ რიგში, თავად ივანიშვილს არ უნდა სურდეს. თუკი... - და აქ ეს დათქმა აუცილებლად მკაფიოდ მოსანიშნია: თუკი ივანიშვილი თავად იღებს გადაწყვეტილებებს და უკვე მთლიანად არ მიყვება მოსკოვში ჩამოყალიბებულ და დირექტივად მიღებულ სქემას.

მეოთხე და ყველაზე რეალისტურ ვარიანტად ამ ეტაპზე მეჩვენება ვერსია, რომ ოლიგარქმა საერთოდაც არაფერი თქვას. ყაველაშვილ-ხუნდაძის მიერ სულის გამოძახების რიტუალი დააიგნოროს, თუნდაც იმ საბაბით, რომ თეფში არასათანადო სიჩქარით დაატრიალეს.

დიდი ალბათობით, სწორედ იმისთვის მოსთხოვა მილიარდერმა ყაველაშვილს კითხვების დასმა, რომ მან ამ კითხვებს არ უპასუხოს, თუმცა, შანტაჟის ხარისხი და სიმძაფრე აწიოს და ვაშინგტონსაც და ელჩ დეგნანსაც გასაგებად მიანიშნოს: თუ არ დაელაპრაკებიან, ნებისმიერ ბინძურ ავანტურაზეა წამსვლელი.

ეს უნიჭო სპექტაკლი სასაცილო იქნებოდა, ქვეყნისთვის მართლა ძალიან საშიში და მავნებელი რომ არ იყოს. მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ღერძთან დაჭიდებული ეს კარიკატურული სამეული კი არა - მთელი ქართული ხელისუფლება ინტრიგანებისა და ავანტურისტების ბანდას დაემსგავსა, რომლის საშუალებითაც შეშლილობამდე მისული მილიარდერი, დემოკრატიული სამყაროს შანტაჟის გზით ცდილობს საკუთარი ძალაუფლების და კაპიტალის გადარჩენას. საქართველო კი თვალსა და ხელს შუა კარგავს უნიკალურ შესაძლებლობებს და ბუნდოვან და უპერსპექტივო რუსულ მომავალს ბარდება. 

დამელაპარაკეთ! - ისმის დასავლეთისადმი ივანიშვილის ყველა შანტაჟის შემცველი გზავნილიდან. მას კი აღარავინ ელაპარაკება. არც გაემტყუნებათ. ძნელია, ან რა აზრი აქვს ელაპარაკო კაცს, რომელიც საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის და თან მასთან მიღწეულ ყველა შეთნხმებას მართლაც ჩალის ფასი აქვს.


close დახურვა