ჩავკეტოთ? არ ჩავკეტოთ? თუ არ ვკეტავთ, როგორ ვაზღვევთ გაზრდილ საფრთხეებს? მთავარი კითხვებია, რომელზე პასუხსაც ამ დღეებში ყველა ეძებს, გარდა საქართველოს მთავრობისა. შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები გვეუბნებიან რომ საფრთხეებს ვერ ხედავენ.
ბოლო 10 დღის განმავლობაში საქართველოს საზღვარი 80 ათასამდე რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც, დამეთანხმებით, 3 მილიონნახევრიანი საქართველოსთვის კი არა 90 მილიონიანი გერმანიისთვისაც კი საგანგაშო ციფრი იქნებოდა. ის, რომ ამ რაოდენობის მიგრანტების შემოსვლა, მითუმეტეს ოკუპანტი რუსეთიდან სერიოზული პრობლემაა სოციო-ეკონომიკური თუ უსაფრთხოების კუთხით, ამაზე თითქმის ყველა ვთანხმდებით, და სხვათა შორის უმრავლესობა იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სირაქლემას პოზაში ყოფნა ვერანაირ კრიტიკას უძლებს. თუმცა, რაც მართლაც იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, ისაა, თუ როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ ამ გამოწვევას, რომლის მსგავსიც უახლესი ისტორიის განმავლობაში არ გვქონია.
ჩვენი მოქალაქეები უმეტესწილად ან საზღვარგარეთ გარბოდნენ და დღესაც გარბიან, ან იგივე რუსეთის "დამსახურებით" საკუთარი სახლებიდან გამოგდებულები საქართველოს სხვა რეგიონებს აფარებდნენ თავს. ვაღიაროთ, რომ არ გვაქვს არც საემიგრაციო პოლიტიკა, არც შესაბამისი გამოცდილება და არც ინფრასტრუქტურა, და პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე იოლ და, შესაძლოა, ემოციურად გამართლებულ გზად საზღვრის ჩაკეტვა მიგვაჩნია.
თუმცა, ემოციებს თუ გვერდზე გადავდებთ და დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ ეს გამოსავალი არ არის:
პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთში ასობით ათასი ქართველი ცხოვრობს, მათგან ზოგი ორმაგი მოქალაქეობის მფლობელია, ზოგი რუსეთის მოქალაქე, რომელთა ნაწილსაც ჯარში გაწვევა და სიკვდილი ემუქრებათ. მორალურ ასპექტს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები თუ ეთნიკური ქართველები. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ინტერესია, რომ მისი მოქალაქეები რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ არ იბრძოდნენ, რისი საუკეთესო საშუალებაც მათი საქართველოში დაბრუნებაა და რასაც საზღვრის ჩაკეტვა უკიდურესად გაართულებს. მსგავსი პოლიტიკა უნდა გავრცელდეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებზე, რომელთაც ასევე ემუქრებათ რუსულ ჯარში გაწვევა და ჩრდილო კავკასიელებზეც, რომლებიც რეალურად არიან და მომავალშიც უნდა იყვნენ საქართველოს პოტენციური დასაყრდენი და ერთგვარი ბუფერი ჩვენს და მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის.
ასევე მგონია, რომ უკვე სრულიად არაადეკვატურია იმ საფრთხის საზღვრის ჩაკეტვით განეიტრალება, რასაც შემდგომი რეაგირების მიზნით, კრემლის მხრიდან ჩვენთან შემოსული რუსეთის მოქალაქეების მეშვეობით დესტრუქციული ქმედებების ორგანიზება ჰქვია. მობილიზაციის გამოცხადებამდეც საკმარისზე მეტი რუსეთის მოქალაქე იყო საქართველოში მსგავსი პროვოკაციის თუ ხელოვნური საბაბის შესაქმნელად. და თუ ასეთი რამ არ ხდება, ეს იმიტომ რომ მოსკოვში ამისთვის ან არ სცალიათ, ან აუცილებლობას ვერ ხედავენ, რადგან საქართველოს ხელისუფლება ისედაც მონურად ემორჩილებათ. ამავე დროს, რუსეთს აგრესიული ქმედების გამართლებისთვის ობიექტური მიზეზი საერთოდ რომ აღარ ჭირდება, ბოლოს უკრაინაშიც ნათლად გამოჩნდა.
რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს ომს გაურბიან, შეგვიძლია გარკვეული მორალური პრეტენზიები წავუყენოთ, რომ მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ - "ომი რომ არ უნდათ" და ისიც ლოგიკური იქნება მოვუწოდოთ - საქართველოში გამოქცევის ნაცვლად ქვეყანაში დარჩნენ და პუტინის რეჟიმს ებრძოლონ. თუმცა, იმის გარკვევა თუ ვინ გამოდიოდა ქუჩაში საპროტესტოდ და ვინ არა, ჩვენ რეალურად არ შეგვიძლია. ამიტომ სჯობს, უარი არ ვუთხრათ თუნდაც ას ისეთ ადამიანს, რომელიც მართლა ებრძოდა პუტინს და იქ დარჩენით რეალური საფრთხე ემუქრება, იმის შიშით, რომ მათთან ერთად ათასი ისეთიც არ შემოგვეპაროს, ვინც რეჟიმს ეგუებოდა.
საზღვრის არჩაკეტვის კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ რუსეთიდან ამ ბოლო დროს დაძრული მასა ერთგვარ ახალგაზრდა საშუალო კლასს წარმოადგენს, შედარებით მაღალი ინტელექტით, პროფესიით თუ შემოსავლით, რომელთა ომში იძულებით წასხმაც დამატებით რესურსს შესძენს რუსეთის არმიას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი შემორჩენილ, ან თუნდაც ირანიდან შეძენილ შედარებით თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური იარაღის სამართავ პულტებთან აღმოჩნდებიან. რაც უფრო ნაკლები ასეთი ადამიანი იქნება ფრონტზე, მით უფრო ნაკლები დაიღუპება ჩვენი მოკავშირე უკრაინის მხარეს. და თუ ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული მიზანი უკრაინის გამარჯვებაა, მაშინ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კიევს პუტინის დამარცხებაში, რაც მომავალში აგრესიული რუსეთიდან მომავალი პრობლემების უმრავლესობას ავტომატურად მოგვიხსნის. ამიტომ ჯობია, რომ ეს ხალხი დროებით საქართველოში შემოვიდეს, ვიდრე უკრაინის ფრონტზე აღმოჩნდეს.
თუმცა, საზღვრის არჩაკეტვა არ ნიშნავს იმ ქაოსისა და ტოტალური უკონტროლობის შენარჩუნებას, რაც დღეს ხდება, როდესაც ათი ათასობით რუსეთის მოქალაქე ყოველგვარი გაცხრილვის გარეშე გადმოდის საქართველოს ტერიტორიაზე. პირველ რიგში აუცილებელია, დადგინდეს, ჯამში რამდენი ადამიანის მიღება შეუძლია საქართველოს; შემოღებულ იქნას აუცილებელი ელექტრონული რეგისტრაცია საზღვრის კვეთამდე, რაც მესაზღვრეებს ამ პირების უკეთ გაცხრილვაში, რაოდენობისა და ნაკადების კონტროლში დაეხმარება. აქტიურად უნდა მუშაობდეს სუსი და კონტრდაზვერვის სამსახური საქართველოში უკვე ჩამოსულ და დამკვიდრებულ რუსეთის მოქალაქეებთან საზღვრის მკვეთების სწრაფი იდენტიფიცირებისთვის. ასევე აუცილებელია რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში გაჩერების 1 წლიანი ვადის შემცირება, შემდგომში დარჩენის შემთხვევაში მათი სტატუსის განსაზღვრა და გარკვეული ვადით უძრავი ქონების შეძენისა და ბიზნესის რეგისტრაციის შეზღუდვა. გარდაუვალი საჭიროება იქნება ლტოლვილთა ბანაკების შექმნის, სადაც მოხდება საეჭვოდ მიჩნეული ადამიანების დაყოვნება, მანამ, სანამ შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამ ყველაფრის სწრაფად და ეფექტურად შესასრულებლად კი აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ მიმართოს ევროკავშირს როგორც ფინანსური, ასევე პროფესიული დახმარების თხოვნით. ის ქვეყნები კი, რომელთაც მიგრაციის მართვის ფართო პრაქტიკა აქვთ, უკვე უნდა უზიარებდნენ გამოცდილებასა და რესურსებს საქართველოს ჯანდაცვის, სოციალურ და მიგრაციის სამსახურებს.
გამოსავალი არც უმოქმედობაა, რასაც დღეს ვხედავთ და არც საზღვრის ჩაკეტვა, რამაც, შესაძლოა, უარესი შედეგი და ლტოლვილების მართლაც უკონტროლო შემოდინება გამოიწვიოს, არამედ კრიზისის სწორად და ეფექტურად მართვა, იმისთვის, რომ ჰუმანური სახელმწიფოც ვიყოთ, საკუთარი მოქალაქეებიც დავიცვათ, უკრაინასაც დავეხმაროთ, ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც გავაუმჯობესოთ და რაც მთავარია კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას.
ამ პროცესების გააზრებასა და რეაგირებაზე პასუხისმგებელი მოქმედი ხელისუფლებაა. მმართველობის 10 წლის თავზე ყველაფერი შეგვიძლია "დავაბრალოთ" ქართული ოცნების მთავრობას - გარდა კომპეტენტურობისა.
ჩვენი საზოგადოების ასეთი მძაფრი და ხიფათის შემცველი მოლოდინი სწორედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სრული გეოპოლიტიკური დეზორიენტირებისა და არაკომპეტენტურობის გააზრებიდან მომდინარეობს.
ამდენად, სინამდვილეში დილემა: დარიალის კარის ჩაკეტვა, ან არ ჩაკეტვა კი არაა - ჩიხის შეგრძნება - რა ელის ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ჰყავს მთავრობა, რომლის არგაღიზიანების პოლიტიკაც კაპიტულაციის პოლიტიკაში გადაიზარდა, რომელსაც ობიექტურად აუხსნელი მიზეზების გამო საშიშროების განცდა არ აქვს, ან თუ აქვს - არ ღელავს და თუ ღელავს, იმის კომპეტენციაც არ ყოფნის, რომ არათუ ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს - გაეროს უშიშროების საბჭოსა და მსხვილ დასავლელ პარტნიორებს მიმართოს, რომ რუსეთიდან გადმოდინებული მასის შედეგად უკიდურესად გაზრდილი რისკები მაქსიმალურად გაანეიტრალოს.