logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ეს ზღაპარი არაა

27 მარ 202421:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/27/fn41chq428nkpra.jpeg

გუშინ ის დღე იყო, როცა სახელმწიფო სიმბოლიკაზე გამოსახული სიმბოლოები სიმბოლურობას დროებით კარგავს და რეალობად იქცევა, იმისთვის, რომ მომავალში, კიდევ უფრო დიდი დატვირთვის სიმბოლურობა ზიდოს, იტვირთოს.

გუშინ ვნახეთ თუ რეალურ ცხოვრებაში რას ნიშნავს და რა ხდება, როცა ყველა ერთად ვართ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ერთ შედეგისთვის ვიბრძვით და ერთ შედეგს ვგულშემატკივრობთ.

გუშინ ვნახეთ სიტყვების მნიშვნელობა, რომ საქართველო იქაა, სადაც თუნდაც ერთი ქართველი საქართველოზე ლოცულობს და მისი გამარჯვება უხარია. ოკუპირებულ აფხაზეთში გალელი ბიჭის გადამწყვეტ გოლს რომ იმაზე მეტად განიცდიან და ზეიმობენ, ვიდრე ჩვენ, აქ თბილისში თუნდაც სტადიონზე მყოფები.

გუშინ ვნახეთ, რა ძალა აქვს საერთო ლოცვას, რომელ ღმერთზეც არ უნდა ლოცულობდე, თუ შენი სახატე საქართველოა, როგორ ზეიმობს 5-ჯვრიანი დროშის წარმატებას აფხაზიც, ოსიც, ებრაელიც, აზერბაიჯანელიც, სომეხიც, იეზიდიც და ტუნისელი მწვრთნელის თანაშემწეც კი, რომელიც ღმერთს ხელებაპყრობილი ქართველების გამარჯვებას შესთხოვს.

გუშინ ვნახეთ რამდენად პირობითია დროის მოცემულობაც და შეგრძნებაც, რადგან 1981 წელს ლამის ჩემს ეზოში, დინამოს სტადიონზე, მამაჩემთან ერთად გადასულს ზუსტად ისეთი შეგრძნება მქონდა ეიფორიის, რაღაც ისტორიულის და მნიშვნელოვანი თანამონაწილის, როგორც ჩემს და თქვენს შვილებს დღეს და ქართველ ფეხბურთელებს მაშინ და ახლა მოედანზე.

გუშინ ვნახეთ, როგორ იკუმშება და 2 საათში ვლინდება ეროვნული ენერგია და ძალისხმევა, რომელსაც თავისი სახელები ჰქონდა და აქვს საფეხბურთო მოედანზე: დავით ყიფიანის, ალექსანდრე ჩივაძის, ვიტალი დარასელიას, ოთარ გაბელიას, ვოვა გუცაევის, რა თქმა უნდა, ბევრი სხვის, საქართველოს მაშინდელი ფაქტობრივი ეროვნული ნაკრების, დინამოს სახით და ახლა უკვე მართლაც დამოუკიდებელი ქვეყნის ახალგაზრდა გმირებით, მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე, წიტაიშვილი, დავითაშვილი, ქვილითაია, კვეკვესკირი.

სწორედ კვეკვესკირმა - კონცენტრირებულად და ზუსტად თქვა ის, რასაც ყველა განვიცდიდით მოედანზეც და მის მიღმაც, დედამიწის ყველა კუთხეში, ისინიც კი ვინც დღეს ცოცხლები აღარ არიან და საქართველოს ფეხბურთის და მთლიანად საქართველოს ისტორიას წერდნენ.

გუშინ მივხვდით და დავინახეთ, რომ მონდომებას, მიზნის ერთგულებას, არდანებებას, შრომას, ორგანიზებულობას, ერთსულოვნებას, თავდადებას და გამარჯვების რწმენას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

დღეს ისიც ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, კიდევ გვეშლება და ვერ ვხვდებით, რომ ერთდღიანი თავშეკავება ჯობია და საერთო ეროვნული გამარჯვების ერთმანეთისთვის შერგება, ვიდრე პარტიული, აქ თამამად ვიტყვი, მავნებლური რუსული პროპაგანდისტული ნარატივის თუთიყუშივით გამეორება.

და გუშინ და დღეს ასევე ვნახეთ, რომ ასაკოვანსაც და ბავშვსაც, ჩინიანსაც და უჩინოსაც, ქოცსაც და ნაცსაც, სხვასაც და კიდევ უფრო სხვასაც, მცირე გამონაკლისების გარდა გვაქვს საერთო ეროვნული სხეულის და სულის შეგრძნება, რომელიც ერთსა და იმავე ემოციურ ტალღაზე ექცევა და სხვადასხვა ფორმით გამოიხატება.

ძალა ერთობაშია! საქართველომ გაიმარჯვა! ჩვენ გავიმარჯვებთ! გავიღიმეთ, გავიხარეთ, თუმცა ეს მხოლოდ ზღაპარი არაა, ეს რეალობაა! საქართველოს დამოუკიდებლობის და ჩვენი ეროვნული ნაკრების ახალი ისტორია ახლა იწყება!


close დახურვა