ხშირად გვგონია, რომ საქართველოში ამ სრული სტაგნაციის ეპოქაში, მთავარი პრობლემა გადაწყვეტილებების არარსებობაა. სინამდვილეში, პრობლემა სხვა რამეშია - ყველა ვიღაცას ელოდება.
მოქალაქეები ელოდებიან სახელმწიფოსგან ზრუნვას. სახელმწიფო ელოდება, როდის დაიღლება საზოგადოება. ოპოზიცია ელოდება პოლიტიკურ მომენტს. დასავლეთი ელოდება, რომ საქართველო იმ დემოკრატიულ და დასავლურ გზას დაუბრუნდეს რომელიც თავად აირჩია. და ამ მოლოდინში ქვეყანა ნელ-ნელა კარგავს დროს და რესურსებს, რომელსაც სხვები, რეგიონში, უკვე პოლიტიკურ შედეგებად აქცევენ.
გასული კვირის ყველაზე ადამიანური ამბავი დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების ბრძოლა იყო. მრავალკვირიანი პროტესტის შემდეგ პრობლემის მოგვარება თითქოს დაიწყო. მანამდე კი, ლამის 2 თვე, ღია ცის ქვეშ ღამის თენება, რათა ხელისუფლებას მათი ხმა გაეგონა. სწორედ ამ დროს საზოგადოებამ აჩვენა, რომ თანაგრძნობისა და სოლიდარობის უნარი ჯერ კიდევ ცოცხალია. სტუდენტებმა, მოქალაქეებმა და ემიგრანტებმა საკუთარი ძალებით შექმნეს ის მხარდაჭერა, რომელიც ამ ოჯახებს სახელმწიფოსგან უნდა მიეღოთ. ეს მხოლოდ ქველმოქმედება არ იყო. ეს იყო საზოგადოების პასუხი ძალაუფლების მპყრობელთა გულგრილობაზე.
ამავე კვირაში ვნახეთ პოლიციის ჯგუფური ძალადობის საქმე, სადაც ვიდეომტკიცებულებამ აიძულა სისტემა, ეღიარებინა ის, რასაც სხვაგვარად ალბათ ისევ უარყოფდა.
ვნახეთ ამერიკასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დამძიმებული ფონი, სადაც "სუფთა ფურცლის" სურვილს ვაშინგტონიდან მზარდი უნდობლობა პასუხობს. ხელისუფლება ელოდება, რომ ურთიერთობები თავისით დალაგდება, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორობა, მითუმეტეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, განცხადებებით კი არა, გადაწყვეტილებებითა და ქმედებებით იზომება.
კვირა დასრულდა კიდევ ერთი სიმპტომატური ამბით. 11 ივნისს, როცა ბრიუსელში საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხზე უნდა იმსჯელონ, თბილისში, ოპოზიციონერი ლიდერები "საბოტაჟის" საქმეზე განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდებიან. სხდომა რომელიც 25 ივნისს იყო ჩანიშნული, ზუსტად 11 ში ჩაინიშნა. რა თქმა უნდა ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ერთი ვერსიით, ხელისუფლება ბრიუსელს სიგნალს უგზავნის და შეთითხნილ საქმეს ევროკავშირზე ზეწოლის მექანიზმად იყენებს. მეორე ვერსიით, ის შეგნებულად ამძიმებს შიდა ვითარებას, რათა ევროპას მკაცრი პასუხისკენ უბიძგოს და შემდეგ მოქალაქეებს უთხრას - უვიზო მიმოსვლა ჩვენ კი არა, ევროპამ შეგიწყვიტათ. ორივე შემთხვევაში ერთი რამ ჩანს: მოქალაქის ევროპული უფლება ხელისუფლების პოლიტიკური თამაშის მძევლად იქცა.
დღეს სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია. საბოლოო შედეგები მალე გვეცოდინება, თუმცა უკვე ჩანს, რომ სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. როდესაც პოლიტიკური ლიდერი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთ სტრატეგიულ მიმართულებას ირჩევს, როდესაც პრაგმატიზმს გაბედულებაც ემატება, გეოპოლიტიკა მხოლოდ საფრთხე აღარ არის - ის შესაძლებლობად იქცევა. სომხეთი ცდილობს რუსულ ჩრდილს გაექცეს და საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს. აზერბაიჯანი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ატარებს დამოუკიდებელ პოლიტიკას. სამხრეთ კავკასიის სამიდან ორი სახელმწიფო დღეს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
ამ ფონზე ზელენსკის ღია წერილიც მხოლოდ პუტინისადმი მიმართვა არ ყოფილა. ის მიმართული იყო დასავლეთისკენ, რუსეთის ელიტისკენ, უკრაინელებისკენ — ყველასკენ, ვისაც უნდა დაენახა, რომ მშვიდობისკენ მოწოდება - სუსტის მუდარა არ არის, როცა მას წინააღმდეგობის ძალა და ბრძოლაში მიღწეული შედეგები ამაგრებს. პუტინი ამ წერილს მისი მშობლიური ქალაქის ცის ქვეშ პასუხობდა, რომელიც უკრაინული დრონებით აფეთქებული ნავთობტერმინალების კვამლით იყო დაფარული. ძალიან ზუსტი სურათია: იმპერია კვლავ მუქარის ენით ლაპარაკობს, მაგრამ უკვე საკუთარი დაუცველობის ფონზე.
აქ იკვეთება ამ კვირის მთავარი განსხვავებაც. სომხეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ქვეყნები არიან, მაგრამ თითოეულ მათგანში პოლიტიკური გადაწყვეტილებები ეროვნული ინტერესების გარშემო მიიღება. შეიძლება ეს გადაწყვეტილებები ყველას არ მოსწონდეს, შეიძლება შეცდომებიც ახლდეს, მაგრამ მათ უკან საკუთარი სახელმწიფოს ნება დგას.
საქართველო კი იქცა ქვეყნად, სადაც ეროვნული ინტერესის, სახელმწიფო სტრატეგიისა და საზოგადოებრივი მოთხოვნის ადგილი ერთი ადამიანის ახირებების და მის გარშემო ჩამოყალიბებული კლანის კორუფციულმა მიზნებმა დაიკავა.
ამიტომ გასული კვირის მთავარი მოვლენა არც დიუშენის ბავშვების ამბავი იყო ცალკე, არც სომხეთის არჩევნები, არც უვიზო მიმოსვლის გარშემო შექმნილი საფრთხე, არც ვაშინგტონიდან მოსული სიგნალები და არც რუსეთის სასარგებლოდ დაჭერილი ჯაშუშური სკანდალის ფონზეც კი კრემლიდან წამოსული ოცნების ქება-დიდება. ყველა ეს ამბავი საბოლოოდ ერთ კითხვამდე მიდის: ვინ იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის სახელით?!
სტაგნაცია სწორედ მაშინ იწყება, როცა ამ კითხვაზე პასუხს აღარავინ სცემს და ყველა ლოდინის რეჟიმში რჩება. მოქალაქე ელოდება სახელმწიფოს, სახელმწიფო - საზოგადოების დაღლას, ოპოზიცია - ხელსაყრელ მომენტს, დასავლეთი - საქართველოს დაბრუნებას საკუთარ გზაზე.
მაგრამ ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ელოდება, გზას აღარ ირჩევს. მას მიმართულებას სხვები უსაზღვრავენ - სულ უფრო ნაკლებად ბრიუსელში, იშვიათად ვაშინგტონში, უფრო ხშირად მოსკოვში, ზოგჯერ კი თბილისში, ერთი კაცის რეზიდენციაში, მოშინაურებული ზვიგენების აკვარიუმისა და "რაც მამას უნდა" სიმღერის ფონზე...
საქართველოს მთავარი საფრთხე დღეს მხოლოდ ის არ არის, რომ ხელისუფლება არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. კიდევ უფრო მძიმეა, როცა ქვეყანა საერთოდ კარგავს უნარს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება. და თუ ამ ლოდინის რეჟიმიდან არ გამოვედით, სტაგნაცია აღარ იქნება დროებითი მდგომარეობა - ის თავად სახელმწიფოს ფორმად იქცევა.
