logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მიუნხენის დიაგნოზი

14 თებ 202420:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/14/7esille87lxppr7.jpg

გასულ დეკადაში დემოკრატიული სამყაროს უსაფრთხოების სისტემა, ძირითადად, ეკონომიკურ ინტერესებზე იყო მორგებული. შეერთებული შტატები, თუ ევროკავშირის სახელმწიფოები ჩინეთთან და რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში საფრთხეს ვერ ხედავდნენ, უფრო მეტიც, სჯეროდათ, რომ მათი ელიტებისა თუ ზოგადად საზოგადოებების კეთილდღეობის დონის ზრდა დემოკრატიას წაახალისებდა და საერთაშორისო წესრიგს მეტ მდგრადობას შესძენდა. ვაშინგტონი და ბრიუსელი მოსკოვსა და პეკინს პარტნიორებად განიხილავდნენ. პუტინის უკრაინაში შეჭრამ და ევროპის ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი, მსხვილმასშტაბიანი, კონვენციური ომის გაჩაღებამ ეს დამოკიდებულება და პრიორიტეტები რადიკალურად შეცვალა. ამჯერად, უკვე დასავლეთის ეკონომიკა უნდა მოემსახუროს დემოკრატიული სამყაროს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესებს და მედეგობის ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც გლობალური ჩრდილო-ატლანტიკური უსაფრთხოების ფარგლებში, ევროპის ეკონომიკურად, ენერგეტიკულად და სამხედრო თვალსაზრისით, მეტად ავტონომიურ და თვითკმარ ძალად გადაქცევას გულისხმობს.

მარტივად რომ ვთქვათ, როგორც ერთმა ევროკომისარმა ტრამპის მორიგი სკანდალური განცხადების კომენტარებისას თქვა: "არ შეგვიძლია რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი უსაფრთხოება ყოველ 4 წელიწადში… რადგან ამერიკული დემოკრატია ავადაა". უფრო პოლიტკორექტულად, ევროკავშირის პოზიცია ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ჩამოაყალიბა: ევროპას სჭირდება თავდაცვაზე გაწეული ხარჯების ზრდა, რათა „გააძლიეროს თავდაცვის ინდუსტრია და პრაქტიკულად იმოქმედოს სტრატეგიული ავტონომიის საკითხებში... ევროპული "თავდაცვითი კავშირი" უნდა იყოს "NATO-ს შემავსებელი და არა მისი კონკურენტი".

ამ კონტექსტში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც ტრადიციულად, ევროპის თავდაცვითი არქიტექტურის სტრატეგიულ ჩარჩოს აყალიბებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილმა და ეკონომიკურად მოძლიერებულმა რუსმა დიქტატორმა 2007 წელს სწორედ ამ ტრიბუნიდან გააკეთა პირველი აგრესიული განაცხადი, რაც შეგვიძლია, თამამად მივიჩნიოთ 2008 წელს საქართველოში შემოჭრის, მოგვიანებით, ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის ერთგვარ ანონსადაც.

"კაცობრიობის ისტორიას ახსოვს ერთპოლუსიანი მმართველობის მცდელობაც. მსოფლიო ჰეგემონობისკენ სვლის მცდელობაც. როგორც არ უნდა ეცადონ, შეალამაზონ ეს ტერმინი, საბოლოო ჯამში, პრაქტიკაში მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - ეს ძალაუფლების ერთი ცენტრია, ძალის ერთი ცენტრია, გადაწყვეტილების მიღების ერთი ცენტრია, ეს ერთი ბატონის სამყაროა, ერთი სუვერენის. თანამედროვე სამყაროსთვის ერთპოლუსიანი მსოფლიო არათუ მიუღებელია, უბრალოდ შეუძლებელია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმმართველობის დროს თანამედროვე სამყაროში სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსების უკმარისობა გაჩნდება, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თვითონ მოდელი არ მუშაობს, რადგან მის საფუძველში არ არის და ვერ იქნება მორალურად გამართული ბაზები თანამედროვე ცივილიზაციის. ამასთან, ყველაფერი, რაც ახლა ხდება მსოფლიოში სწორედ ამ კონცეფციის თავსმოხვევის პოლიტიკასთან არის დაკავშირებული - მსოფლიო ლიდერების მცდელობასთან ერთპოლუსიანი სამყაროს შემოთავაზებასთან. თავს მივცემ უფლებას, ერთი პატარა რემარკა გავაკეთო: ნუ გვიბიძგებთ ნურაფრისკენ. რუსეთი ათას წელზე მეტი ისტორიის მქონე ქვეყანაა და მუდმივად გვქონდა პრივილეგია, დამოუკიდებელი შიდაპოლიტიკა გვეწარმოებინა. არ ვაპირებთ ამ ტრადიციის შეცვლას, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვხედავთ, როგორ შეიცვალა სამყარო, რეალისტურად ვაფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს და პოტენციალს", - ვლადიმერ პუტინი. 

ამავე კონფერენციის წლევანდელ ანგარიშში კი ვკითხულობთ, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკურ აუცილებლობადაა მიჩნეული, რაც ევროპასა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ არსებული ნაცრისფერი ზონის მაქსიმალურად შევიწროებასა და იქიდან დასავლეთისკენ მომზირალი ქვეყნების ,,ამოთრევას”, ანუ ინტეგრაციას გულისხმობს. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირისთვის მისგან აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქვეყნებიც კი სტრატეგიული მნიშვნელობისანი ხდებიან. სწორედ ამით აიხსნება ევროკავშირის "ლოკომოტივების" - გერმანიისა და საფრანგეთის მიდგომების სრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთის პოლიტიკასთან მიმართებაში და ამ თვალსაზრისით, კანცლერ შოლცისა და პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან გაფართოებული ევროპის ფარგლებში საქართველოს მოაზრება. თორემ, მაგალითად, პოლონელების საქართველოსადმი მსგავსი დამოკიდებულება სულაც არ გვიკვირს, მითუმეტეს, როდესაც დღეს ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ის ადამიანები განსაზღვრავენ, პრემიერ ტუსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სიკორსკის სახით, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეის ავტორები და ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დიდი ხნის აქტიური მომხრეები არიან.

თუმცა, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ლიდერებს შორს არსებობს ნება და თანხმობა, რომ საქართველო ამ ნაცრისფერი ზონიდან ,,ამოათრიონ” და 2030 წლამდე ევროკავშირისა და პერსპექტივაში ნატოს წევრად აქციონ და ეს თავად ევროპული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ნაწილია - იგივე მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში საქართველო უარყოფით კონტექსტშია მოხსენიებული, როგორც ქვეყანა, რომელშიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ სერიოზული პრობლემებია. მეტიც, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ "საქართველოში ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირისგან დაშორებაზე პრორუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი, რაც ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება". და ეს არ არის ცალკე აღებული, თუნდაც, ძალიან გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში, არამედ ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების საბაზო დოკუმენტი, სადაც ნახსენები საქართველოს მმართველობითი სტილი, მიტაცებული სახელმწიფო და მიმტაცებელი სუბიექტის ვინაობა და რაობა, საქართველოს მოსახლეობის ნებასთან ერთად, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროპული უსაფრთხოების ინტერესებთან და თანხვედრაშია რუსეთის ამოცანებთან - ხელი შეუშალოს საქართველოს დასავლური სამყაროს სრულფასოვან წევრობას.

ამდენად, როდესაც დასავლეთის უსაფრთხოების მთავარი სტრატეგიაა ევროკავშირის გაფართოების ხარჯზე ნაცრისფერი ზონის გაქრობა, ხოლო ანგარიშში წარმოდგენილია ივანიშვილი, როგორც ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი, სახელმწიფოს მიმტაცებელი და ქვეყნის ევროკავშირისგან დამაშორებელი - დასკვნის გამოტანა არავისთვის უნდა იყოს რთული: საქართველოს ისტორიული ამოცანის, ანუ ქვეყნის ევროპული სივრცის სრულფასოვან ნაწილად ქცევის მთავარი წინაღობა პრორუსი ოლიგარქია, რომელიც, ამავე დროს, წინააღმდეგობაში მოდის ევროპის გეოსტრატეგიულ ინტერესებთან. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველო იქნება დასავლური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცის ნაწილი, მაშინ ხელისუფლებაში აღარ იქნება ივანიშვილი და თუ ივანიშვილი მაინც იქნება იქ, სადაც დღეს არის, მაშინ უკვე საქართველო დარჩება იმ მაქსიმალურად შევიწროებული ნაცრისფერი ზონის ნაწილად, რომელიც ხვალ უკვე სრულად რუსეთის სათარეშო არეალად ჩამოყალიბდება. სურათი ასეთია: დასავლეთს, საქართველოსთან მიმართებაში, არჩევანი გაკეთებული აქვს. ახლა ჯერი ქართველ ხალხზე და 2024 წლის არჩევანზეა.

 


close დახურვა